ვილნიუსის სამიტი

ბესელია: არასერიოზულ განწყობებზე დაყრდნობილი განცხადებების დრო არ არის

არასერიოზულ განწყობებზე დაყრდნობილი ოფიციალური განცხადებების დრო არ არის - ამის შესახებ ეკა ბესელიამ განაცხადა.

უმრავლესობის წარმომადგენელი ნაციონალური მოძრაობის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც პარლამენტს უნდა მიეღო დოკუმენტი სადაც ნათქვამი იქნებოდა, რომ რუსეთს არ აქვს უფლება ჰქონდეს გავლენის ექსკლუზიური სფეროები და შეაფერხოს მეზობლის სვლა ევროპისკენ. 

მისი თქმით, უმრავლესობამ არ გაიზიარა ის რიტორიკა, რომელიც არც სახელმწიფოებრივია და არც ქვეყნისთვის არის დადებითის მომტანი. 

"ვფიქრობ ახლა ემოციებზე, არასერიოზულ განწყობებზე დაყრდნობილი ოფიციალური განცხადებების დრო არ არის. ჩვენ რეალურად უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ქვეყანამ გადადგას ნაბიჯები, რათა ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გავხდეთ. ამიტომ კეთილგონიერებისა და საჭიროებიდან გამომდინარე ჩვენ ვილნიუსის სამიტს შევეხმიანეთ" - აღნიშნა ბესელიამ. 

 

კომენტარები