მინარეთი ჭელაში

ჭელის მეჩეთთან სასულიერო პირები და მართლმადიდებელი მრევლი იკრიბებიან

სოფელ ჭელის მეჩეთი
”სამხრეთის კარიბჭე” sknews.ge

ადიგენის რაიონის სოფელ ჭელის მეჩეთთან რამდენიმე სასულიერო პირი შეიკრიბა. არსებული ინფორმაციით, ისინი მართლმადიდებელ მრევლთან ერთად, მეჩეთზე მინარეთის აღმართვას გააპროტესტებენ. მეჩეთთან უკვე იმყოფებიან ზარზმის მონასტრის წინამძღვარი ნიკოლოზ გეწაძე, დეკანოზი დავით ისაკაძე და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები.

იქამდე, მუსლიმთა სამმართველოს მუფთმა მუსლიმ თემს მოუწოდა, ჯერჯერობით, მეჩეთთან ნუ შეიკრიბებიან. ის სასულიერო პირებისგან და მართლმადიდებელი მრევლისგან მინარეთის აღმართვის გაპროტესტებას არ გამორიცხავს და შესაძლო კონფრონტაციის თავიდან ასარიდებლად, მუსლიმებს ურჩევს, მეჩეთთან ნუ მივლენ.

ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მეჩეთიდან მოხსნილი მინარეთი წუხელ, გვიან ღამით, პირვანდელ ადგილზე დააბრუნეს.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ჭელის მუსლიმ თემს მინარეთის აღმართვის ნებართვა 27 ნოემბერს, მას შემდეგ მისცა, რაც მუსლიმებმა მშენებლობის ნებართვისთვის საჭირო ყველა დოკუმენტაცია მოაწესრიგეს.

სოფელ ჭელიდან მეჩეთი 26 აგვისტოს შემოსავლების სამსახურმა მოჭრა. მინარეთი ამის შემდეგ სოფელში დაბრუნდა, დასაწყობდა, დაილუქა და ამ დრომდე მიჩენილი ჰყავდა დაცვა.

ჭელაში მინარეთის დადგმას ეწინააღმდეგებოდნენ მართლმადიდებელი სასულიერო პირები, მათ მინარეთის დადგმის საწინააღმდეგო აქციებიც კი გამართეს ადიგენში.

კომენტარები