მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია

წულუკიანი: მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა ნაადრევია

0 კომენტარი

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია ამ ეტაპზე აღარ შეიქმნება. როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებს უთხრა, კომისიის შექმნის იდეას არავინ ეწინააღმდეგება, მაგრამ მთავრობამ მიიჩნია, რომ კომისიის შექმნამ ქვეყანა შესაძლოა ფინანსურად და ეკონომიკურად დააზარალოს. იუსტიციის მინისტრის თქმით, მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შესახებ კანონპროექტი რამდენიმე თვეა მზად არის და მას მხოლოდ პარლამენტში გაგზავნა სჭირდებოდა.

"ჩვენ კანონპროექტი მთავრობის ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე გავიტანეთ. კომისიის შექმნას არავინ არ ეწინააღმდეგება, მაგრამ მთავრობამ მიიჩნია, რომ ძალიან ფრთხილად არის გასათვლელი ის შედეგები, რაც შესაძლოა ეკონომიკური და ფინანსური თვალსაზრისით მივიღოთ. თუ ადამიანს გაამართლებ, მას გაუჩნდება მატერიალური მოთხოვნის დაყენების უფლება, ამისთვის კი, დღეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობა მზად არ არის. სწორედ ამ ერთადერთი მიზეზის გამო ჩათვალა მთავრობამ, რომ ამ კომისიის შექმნა ამ ეტაპზე ნაადრევია", - განაცხადა თეა წულუკიანმა. მისივე თქმით, როგორც კი ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობა დაზარალებულთა მატერიალური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მზად იქნება, კომისიის შექმნის საკითხი იმ წერტილიდან დაიძვრება, სადაც გაჩერდა.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ახალი ხელისუფლება მართლმსაჯულების სისტემაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრისა და სამართლიანობის აღდგენის მიზნით, სპეციალური კომისიის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. კომისია, რომლის წევრებსა და თავმჯდომარეს, სავარაუდოდ, პარლამენტი დაამტკიცებს, უფლებამოსილი იქნება გადასინჯოს სასამართლოს მიერ უკვე განხილული საქმეები და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მსგავსი უფლებამოსილება მხოლოდ სასამართლოს აქვს, ისიც კანონით მკაცრად გაწერილ შემთხვევებში.

იუსტიციის სამინისტროს მიერ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისიის შესახებ მომზადებული კონონპროექტის შესახებ საკუთარი დასკვნა ვენეციის კომისიამაც გამოაქვეყნა. ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ "არამოსამართლეების მიერ სასამართლო ხარვეზების განხილვის იდეა აღძრავს კითხვებს ხელისუფლების შტოებს შორის უფლებამოსილებათა განაწილებასა და სასამრთლო ხელისუფლების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, რაც საქართველოს კონსტიტუციაში, ასევე საერთაშორისო სტანდარტებით არის გათვალისწინებული". კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ საქართველოს მთავრობას რამდენიმე რეკომენდაცია მისცა:

1. საბოლოო გადაწყვეტილების მიღება საქმეებზე კვლავაც უნდა დარჩეს მხოლოდ სასამართლო ორგანოების კომპეტენციად. ამგვარად, სიტყვა "გადახედვა" კანონპროექტის პირველ მუხლში უნდა შეიცვალოს ტერმინით "შესწავლა", ან სხვა შესაბამისი ტერმინით.

2. ის ფაქტი, რომ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად მოსარჩელეს უფლება ენიჭება საქმის განახლება მოითხოვოს, კანონის დასაწყისში, პირველივე მუხლში უნდა მიეთითოს.

3. მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია უნდა კონცენტრირდეს ცალკეულ შემთხვევებზე და არ გააკეთოს დასკვნები სასამართლო ხარვეზების სისტემური მიზეზების შესახებ.

4. ანგარიში საქმიანობის შესახებ კომისიამ ხელისუფლებას მხოლოდ მუშაობის საბოლოოდ დასრულების შემდეგ უნდა წარუდგინოს.

5. კომისიის წევრებს უნდა ჰქონდეთ მხოლოდ ფუნქციონალური იმუნიტეტი.

6. მე-4 მუხლს უნდა დაემატოს წესი ინფორმაციის გაუხმაურებლობის შესახებ.

7. კომისიის უფლებამოსილება უნდა მოიცავდეს ერთ ვადას, რომელიც განახლებადი არ იქნება. პარლამენტს მისი უფლებამოსილების შეწყვეტა უნდა შეეძლოს, თუ აღარ არსებობს განსახილველი შემთხვევები.

8. კომისიის წევრების კანდიდატურებს არ უნდა წარმოადგენდნენ საპარლამენტო ფრაქციები და ისინი არ უნდა იყვნენ პოლიტიკური პარტიების წევრები. უნდა მოხდეს კანდიდატების საჯარო მოწვევა.

9. კომისიას უნდა შეეძლოს განმცხადებლისთვის რჩევის ან ინსტრუქციის მიცემა, დასაბუთებულ შემთხვევებში მოსარჩელეებისთვის იურიდიული დახმარება უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

10. მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისიის დროებითი კომპეტენცია უნდა იყოს გამართლებული ან დასაბუთებული (მუხლი 17).

11. საჩივრების წარდგენის ვადა უნდა გაგრძელდეს და წარდგენის დაწყების თარიღი უნდა გამოქვეყნდეს მედიაში და სასჯელის მოხდის ადგილებში (მუხლი 17).

12. მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენ დროებით სახელმწიფო კომისიას არ უნდა შეეძლოს პროკურატურისთვის დახმარების მოთხოვნით მიმართვა (მუხლი 19)

13. მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენმა დროებითმა სახელმწიფო კომისიამ მხოლოდ მოხსენება უნდა მიიღოს, რომელშიც ნათქვამი იქნება, რომ კომისიას აქვს მართლმსაჯულების ხარვეზების არსებობის "გონივრული ეჭვი" და მართლმსაჯულების ხარვეზების არსებობა მხოლოდ სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს.

14. მართლმსაჯულების ხარვეზების სპეციალური პალატის შექმნა საგანგებო სასამართლოების საკონსტიტუციო აკრძალვას ეწინააღმდეგება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები