დევნილების დახმარება

დარახველიძე: 7 000-მდე დევნილს შემწეობა მოეხსნება

www.government.gov.ge

იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა მინისტრის დავით დარახველიძის განცხადებით, დაახლოებით 6 000-დან 7 000-მდე დევნილს შემწეობა მოეხსნება. როგორც დარახველიძემ მთავრობის სხდომის შემდეგ თქვა, შემწეობა მოეხსნებათ იმ დევნილებს, რომელთა დასაბეგრი შემოსავალი 1250 ლარია. დარახველიძე აღნიშნავს, რომ აქედან გამომდინარე, 2014 წლის 1 მარტის შემდეგ დევნილთა ეს კატეგორია შემწეობას არ მიიღებს. მინისტრის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მომავალ თვეში ამ პირების შემოსავალი 1250 ლარზე ნაკლები იქნება, მათ ავტომატურად აღუდგებათ დევნილის შემწეობა. 

"ეს არ ეხებათ ოჯახის წევრებს. შესაძლოა ოჯახში ერთს ჰქონდეს ასეთი შემოსავალი და არ მიიღოს იმ თვეში დევნილის შემწეობა, მაგრამ ეს ოჯახის დანარჩენ წევრებზე არ ვრცელდება", - განაცხადა დარახველიძემ. 

იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა მინისტრს ჰკითხეს, როგორ გაკონტროლდება შემოსავლის ცვალებადობა. დარახველიძის განმარტებით, ეს მონაცემები აქვს შემოსავლების სამსახურს და ყველა მოწესრიგებული იურიდიული პირი აბარებს საშემოსავლო დეკლარაციას. 

მისივე თქმით, დევნილის სტატუსის მინიჭების ძველი წესი შენარჩუნდება.

"იმ ახალშობილებსაც, რომლებიც ახლა დაიბადებიან, შეუნარჩუნდებათ დევნილის სტატუსი, თუნდაც ერთი მშობელი ჰყავდეთ დევნილი", - განაცხადა დარახველიძემ და აღნიშნა, რომ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 2014 წლის ბიუჯეტის კანონი განიხილეს, რომელიც დევნილთა შემწეობის  45 ლარამდე ზრდას ითვალისწინებს.

კომენტარები