მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია

ტუღუში: შესაძლოა, ამ კომისიის შექმნით სახელმწიფო უფრო დიდ ჩიხში შესულიყო

ირაკლი ბლუიშვილი

 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ხელმძღვანელი და ყოფილი სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის გადადებას დადებითად აფასებს. როგორც ტუღუშმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, შესაძლოა, კომისიის მუშაობას აბსოლუტურად უკუფექტი ჰქონოდა. მისივე თქმით, კომისიის შექმნის იდეას არც ვენეციის კომისია ემხრობოდა, რომელმაც კანონპროექტთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ეწერა, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების კომპეტენცია სასამართლო ორგანოებს ეკუთვნის.

"ვენეციის კომისიამ დაინახა არაერთი საფრთხე, რომელიც მიუთითებდა იმისკენ, რომ ამან შეიძლება დააკნინოს ქვეყანაში არა მარტო კანონის უზენაესობის პრინციპი, არამედ, მთლიანად სასამართლოს როლი. ამ კომისიის შექმნის არცერთი ასპექტი არ შეუფასებია დადებითად ვენეციის კომისიას, პირიქით, იყო სრული ნეგატივი. დასკვნის სულისკვეთება დაახლოებით იყო, რომ "ეგებ გადაიფიქროთ და ამ გზით არ იაროთ". შეიძლება, ამ კომისიის შექმნით სახელმწიფო უფრო დიდ ჩიხში შესულიყო და არა - რამე გამოსწორებულიყო. ანუ პირიქით, შესაძლოა, კომისიას ჰქონოდა აბსოლუტურად უკუეფექტი", - თქვა გიორგი ტუღუშმა.

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია ამ ეტაპზე აღარ შეიქმნება. როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებს გუშინ უთხრა, კომისიის შექმნის იდეას არავინ ეწინააღმდეგება, მაგრამ მთავრობამ მიიჩნია, რომ კომისიის შექმნამ ქვეყანა შესაძლოა ფინანსურად და ეკონომიკურად დააზარალოს.

მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის გადადებას უარყოფითად აფასებენ საქართველოს სახალხო დამცველი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ახალი ხელისუფლება მართლმსაჯულების სისტემაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრისა და სამართლიანობის აღდგენის მიზნით, სპეციალური კომისიის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. კომისიას უფლება ექნებოდა, გადაესინჯა სასამართლოს მიერ უკვე განხილული საქმეები და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები. 

იუსტიციის სამინისტროს მიერ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისიის შესახებ მომზადებული კონონპროექტის შესახებ საკუთარი დასკვნა ვენეციის კომისიამაც გამოაქვეყნა. ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ "არამოსამართლეების მიერ სასამართლო ხარვეზების განხილვის იდეა აღძრავს კითხვებს ხელისუფლების შტოებს შორის უფლებამოსილებათა განაწილებასა და სასამრთლო ხელისუფლების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, რაც საქართველოს კონსტიტუციაში, ასევე საერთაშორისო სტანდარტებით არის გათვალისწინებული". კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ საქართველოს მთავრობას რამდენიმე რეკომენდაცია მისცა.

კომენტარები