მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია

ომბუდსმენი: ფინანსების ნაკლებობა არგუმენტი არ არის

news.ge

სახალხო დამცველის განცხადებით, საქართველოს მთავრობის არგუმენტი, რომ მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი კომისიის შექმნა ფინანსური მიზეზების გამო გადაიდო, უსუსურია. როგორც უჩა ნანუაშვილმა დღევანდელ ბრიფნგზე თქვა, არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვების შემდეგ, საზოგადოებაში პერმანენტულად იქმნებოდა მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი მექანიზმის შექმნის მოლოდინი. ომბუდსმენის განცხადებითვე, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობა არ შეცვლის პოზიციას მართლმსაჯულების ხარვეზების შესწავლელი მექანიზმის შექმნის შესახებ, საქართველოს სახალხო დამცველი თავად მიმართავს პარლამენტს შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებით.

"გასული წლების განმავლობაში, ქართული მართლმსაჯულება სისტემური ხარვეზებით ხასიათდებოდა. ქართულ მართლმსაჯულებაში არსებული ნაკლოვანებების შესახებ, რომელიც მოქალაქეებს ართმევდა სამართლიანი სასამართლო განხილვის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას, საქართველოს სახალხო დამცველის ყველა საპარლამენტო ანგარიშშია საუბარი. სასამართლო სისტემის პირობებში, სადაც მიღებულად ითვლებოდა საპროცესო შეთანხმებების გაფორმების გზით "თავისუფლების ყიდვის" კონცეფცია და სადაც გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში 0.1%-ს არ აღემატებოდა, ბუნებრივი იყო სისტემური ხარვეზების დაშვების რისკი, რომელმაც უფლება შეულახა ათასობით ადამიანს. აღნიშნული პრობლემების დასარეგულირებლად, 2012 წლის ბოლოდან საქართველოს მთავრობამ გააჟღერა ოფიციალური პოზიცია მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი დროებითი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ, რომელიც ინდივიდუალური სისხლის სამართლის საქმეებს შეისწავლიდა. ამ მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა და საჯაროდ განსახილველად წარმოადგინა შესაბამისი კანონის პროექტი, რომელიც მოგვიანებით ვენეციის კომისიასაც გადაეგზავნა. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სახალხო დამცველის აპარატს 2013 წლის თებერვალში აცნობა, რომ რამდენიმე თვეში ამოქმედდებოდა შესაბამისი მექანიზმი, რომელიც მოახდენდა უკანონო განაჩენების გადახედვას. მსგავსმა მოსამზადებელმა სამუშაოებმა, ბუნებრივია, საზოგადოებაში შექმნა იმ სადავო სისხლის სამართლის საქმეების გადასინჯვის ლეგიტიმური მოლოდინი, სადაც მოქალაქეთა აზრით, ადგილი ჰქონდა მართლმსაჯულების ხარვეზებს", - აცხადებს სახალხო დამცველი და აღნიშნავს, რომ ფინანსური შესაძლებლობების ნაკლებობა არგუმენტად არ გამოდგება იმ ასობით ადამიანის ლეგიტიმური მოლოდინის საპასუხოდ, რომელიც თვლის, რომ მას უკანონოდ ან შესაბამისი პროცესუალური უფლებების სერიოზული დარღევით აღუკვეთეს თავისუფლება.

"ხელისუფლებას, მის ხელთ არსებული მექანიზმების გამოყენებით, შეუძლია უზრუნველყოს სავარაუდო კომპენსაციების გაცემის პროცედურებისა და ვადების იმგვარად გაწერა, რომ ამან არ გამოიწვიოს ერთბაშად დიდი ფინანსური დანახარჯები სახელმწიფო ბიუჯეტიდან. საქართველოს სახალხო დამცველი სრულად აცნობიერებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციას პარალელური მართლმსაჯულების სისტემის დაუშვებლობის შესახებ და გამოთქვამს სრულ მზადყოფნას აღმოუჩინოს სამართლებრივი დახმარება შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, რათა მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი მექანიზმის ფორმირება განხორციელდეს ადამიანის უფლებების, საქართველოს კონსტიტუციის და ვენეციის კომისიის მიერ გამოთქმული მოსაზრებების შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობა არ შეცვლის გამოთქმულ პოზიციას მართლმსაჯულების ხარვეზების შესწავლელი მექანიზმის შექმნის შესახებ, საქართველოს სახალხო დამცველი იტოვებს მისთვის საქართველოს ორგანული კანონით მინიჭებულ უფლებას, თავად მიმართოს პარლამენტს შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებით", - აცხადებს ნანუაშვილი.

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია ამ ეტაპზე აღარ შეიქმნება. როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებს გუშინ უთხრა, კომისიის შექმნის იდეას არავინ ეწინააღმდეგება, მაგრამ მთავრობამ მიიჩნია, რომ კომისიის შექმნამ ქვეყანა შესაძლოა ფინანსურად და ეკონომიკურად დააზარალოს.

მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის გადადებას უარყოფითად აფასებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ახალი ხელისუფლება მართლმსაჯულების სისტემაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრისა და სამართლიანობის აღდგენის მიზნით, სპეციალური კომისიის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. კომისიას უფლება ექნებოდა, გადაესინჯა სასამართლოს მიერ უკვე განხილული საქმეები და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები. 

იუსტიციის სამინისტროს მიერ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისიის შესახებ მომზადებული კონონპროექტის შესახებ საკუთარი დასკვნა ვენეციის კომისიამაც გამოაქვეყნა. ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ "არამოსამართლეების მიერ სასამართლო ხარვეზების განხილვის იდეა აღძრავს კითხვებს ხელისუფლების შტოებს შორის უფლებამოსილებათა განაწილებასა და სასამრთლო ხელისუფლების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, რაც საქართველოს კონსტიტუციაში, ასევე საერთაშორისო სტანდარტებით არის გათვალისწინებული". კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ საქართველოს მთავრობას რამდენიმე რეკომენდაცია მისცა.

კომენტარები