ID ბარათი

ცხინვალში დაბადებულ მოქალაქეს ID ბარათში დაბადების ადგილად რუსეთი ჩაუწერეს

საქართველოს მოქალაქე ელიზა ტატიშვილი 1958 წელს ცხინვალში დაიბადა, თუმცა, ახალ ID ბარათში, რომელიც მან თბილისის იუსტიციის სახლში 2013 წლის 28 ოქტომბერს აიღო, დაბადების ადგილად რუსეთი წერია.

ტაბულამ ნახა ელიზა ტატიშვილის 1958 წელს გაცემული დაბადების მოწმობა, სადაც დაბადების ადგილად ქალაქი სტალინირია მითითებული.

სწორედ ეს სახელი ერქვა ცხინვალს 1934-1961 წლებში. რამდენიმე წლის წინ აღებულ პირადობის მოწმობაში ელიზა ტატიშვილის დაბადების  ადგილად ცხინვალია მითითებული.

ელიზა ტატიშვილის თქმით, მან ახალ ID ბარათში არსებული ხარვეზი გააპროტესტა, თუმცა, იუსტიციის სახლში მომუშავე ოპერატორმა განუცხადა, რომ ის ვერაფერს შეცვლიდა, რადგან კომპიუტერულ პროგრამაში ასე იყო მითითებული.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ტაბულას განუცხადეს, რომ საკითხს შეისწავლიან და გამოარკვევენ, ცხინვალში დაბადებული ელიზა ტატიშვილის ID ბარათში დაბადების ადგილად რატომ მიეთითა რუსეთი.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ეკა მამალაძის თქმით, სერვისების განვითარების სააგენტო დაუკავშირდება ელიზა ტატიშვილს და მის პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში არსებულ ფაქტობრივ შეცდომას გაასწორებენ.

კომენტარები