ირაკლი ღარიბაშვილი

ღარიბაშვილი: პოლიციის ნდობა გასულ წელს გაორმაგდა

საქართველოს პრემიერმინისტრთან Russia Today-ს ინტერვიუში ჟურნალისტმა ირაკლი ღარიბაშვილის ასაკზე გაამახვილა ყურადღება და ჰკითხა, აქვს თუ არა გამოცდილება, მართოს ქვეყანა? ღარიბაშვილი 2 წლის წინ მოვიდა პოლიტიკაში. ღარიბაშვილის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ეჭვები მაშინაც იყო, როდესაც ის შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა.

"მაშინ 30 წლის ვიყავი. სამინისტრო სავალალო მდგომარეობაში იყო, როდესაც გადმოვიბარე. სისტემა იყო ტოტალურად პოლიტიზებული და ამაყი ვარ, რომ ჩვენ სამინისტრო თავის გზაზე დავაბრუნეთ. პოლიციის მიმართ ნდობა გასულ წელს გაორმაგდა. ნდობის დონე 86-87%-ია, მაშინ როდესაც ადრე გაცილებით ნაკლები იყო", - თქვა ღარიბაშვილმა.

ჟურნალისტის ნათქვამს, რომ არსებობს ეჭვი, ივანიშვილი კულისებიდან მართავს ქვეყანას, ღარიბაშვილმა უპასუხა - "ივანიშვილი ყოველთვის მაძლევდა თავისუფლებას. თავისუფალი ვიყავი ჩემს გადაწყვეტილებებში. მე მანამდეც ვამბობდი, რომ ივანიშვილი ჩემთვის სამაგალითო ადამიანია და მის რჩევებს მივსდევ. მე ყოველთვის ვიღებდი მის რჩევებს, ის მხოლოდ სასარგებლო და მომგებიან რჩევას აძლევდა თავის ხალხს. და ჩვენ თუ მოვუსმენთ უცხოელ ან ადგილობრივ ექსპერტებს ან ოპოზიციას, რატომ არ შეგვიძლია, მას მოვუსმინოთ. ანუ მას, ვინც ასეთი მასშტაბით შეცვალა ვითარება ქვეყანაში. მან გაათავისუფლა ქვეყანა და მოსახლეობა საშინელი რეჟიმისგან, რასაც ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი ჰქვია. თუ გვინდა, რომ ვიყოთ პრაგმატული და ეფექტური, რატომაც არ უნდა მოვუსმინოთ მას? ეს არის ჩემი პასუხი. მე სრულიად პატიოსანი ვარ თქვენთან".

კომენტარები