ეკონომიკის დაღმასვლა

ღარიბაშვილი: სრულიად არ ვეთანხმები ეკონომიკის დაღმასვლის საკითხს

საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს Russia Today-სთან ინტერვიუში ჟურნალისტმა უთხრა - "საქართველოს საზღვარგარეთ იცნობენ ქვეყნად, რომელმაც 10 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა. მეტიც, სააკაშვილის ყველაზე მწვავე კრიტიკოსებიც აღნიშნავენ, რომ საქართველოში მოდერნიზაციის პროცესი წარმატებულად გატარდა. ახლა არა მხოლოდ თქვენი ოპოზიცია, არამედ უცხოელი ინვესტორებიც ამბობენ, რომ საქართველოში ეკონომიკა დაღმასვლის პროცესშია. და ამ ინვესტორებს საქართველოში ინვესტიციების ჩადება აღარ სურთ. ზოგს ეშინია, რომ საქართველო 90-იან წლებს უბრუნდება".

ღარიბაშვილმა ჟურნალისტს უპასუხა, რომ ის ეკონომიკის დაღმასვლას არ ეთანხმება.

"სრულიად არ ვეთანხმები ეკონომიკის დაღმასვლის საკითხს. დაღმასვლის პროცესი 2012 წლის დასაწყისიდან დაიწყო, წინა ხელისუფლების მმართველობის დროს. დიდი ოდენობით საგარეო ვალი აიღეს. ჩვენ წელსაც უნდა დავფაროთ ვალის მნიშვნელოვანი ნაწილი. ასევე მომავალ წელს უნდა გადავიხადოთ 800 მილიონი დოლარი. მას შემდეგ რაც არჩევნებში გავიმარჯვეთ, პრეზიდენტი სააკაშვილი ღიად ლაპარაკობდა საქართველოში თუ საზღვარგარეთ, რომ ხელისუფლებაში საშინელი, დესტრუქციული ძალა მოვიდა, რომელმაც ქვეყანა უნდა მართოს. აქედან გამომდინარე, ძალიან რთულია, ინვესტორს სტაბილურობის გარანტია მისცე. ისინი ძალიან მგრძნობიარეები არიან სტაბილურობის მიმართ", - თქვა ღარიბაშვილმა.

კომენტარები