საქართველოს საგარეო პოლიტიკა

პრემიერი: არ ვამბობ, რომ დღესვე ვართ მზად ევროპული ფასეულობების გასაზიარებლად

facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა Russia Today-სთან ინტერვიუში საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა.

"საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები წინა ხელისუფლებასა და ჩვენ ერთი და იგივე გვაქვს. ჩვენ მკაფიოდ ვთქვით და გავიმეორებ, რომ ევროპული ინტეგრაცია და NATO არის ჩვენი ძირითადი მიმართულებები. ხალხს სურს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირისა და ნატოს სრულუფლებიანი წევრი. მოქალაქეთა 70% უჭერს მხარს საქართველოს გაერთიანებას ევროკავშირსა და NATO-ში.

ევროკავშირი არ არის რაღაც სახის პოლიტიკური ახირება. აგიხსნით, რატომ აუცილებლად ევროკავშირი. თუ გადავხედავთ საქართველოს ისტორიას, ჩვენი წინაპრებსა და ჩვენს ქვეყანას ყოველთვის სურდა და ჰქონდა მისწრაფება ევროპისა და ევროპული ცივილიზაციისკენ. ჩვენ ვაგრძელებთ იმას, რაც წინაპრებმა დაიწყეს. ჩვენ გვიზიდავს ევროპული ფასეულობები. ევროკავშირი გახსნის ბაზარს და შეგვეძლება ქართული პროდუქციის გატანა. მჯერა, რომ ვიამაყებთ ევროპაში ქართული პროდუქციის ხილვით, რომელსაც ექნება წარწერა "დამზადებულია საქართველოში". პოლიტიკის მხრივ, ჩვენ ვსაუბრობთ უსაფრთხოებაზე, დაცვასა და მობილურობაზე ევროკავშირის ზონიდან. ეს ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე აისახება", - თქვა ღარიბაშვილმა.

ჟურნალისტმა ანტი-გეი პროტესტიც გაიხსენა და ღარიბაშვილს ჰკითხა, არის თუ არა საქართველო ფსიქოლოგიურად მზად, ევროპული ფასეულობები გაიზიაროს და იყოს ევროპასავით ტოლერანტული? რაზეც პრემიერმინისტრმა უპასუხა, რომ საქართველო ჯერ მზად არ არის.

"მე არ ვამბობ, რომ დღეს მზად ვართ. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა განვვითარდეთ. ახლა ჯერ არ ვართ. ჩვენ ბევრი გამოცდა გვაქვს ჩასაბარებელი. თუ სტუდენტი არ ამზადებს საშინაო დავალებას, მან იცის, რომ ჩაიჭრება. ამიტომაც არის ნიშნები სკოლაში. არ ვიცი, ჩვენ რა ნიშანი გვაქვს. მე მხოლოდ შემიძლია გითხრათ, რომ სწორ გზას ვადგავართ. ამას სჭირდება თანმიმდევრულობა", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის თქმით, NATO-სთან დაკავშირებითაც იგივე დამოკიდებულებაა. "საქართველოს სურს, გახდეს NATO-ს წევრი სახელმწიფო", - თქვა ღარიბაშვილმა.

კომენტარები