ვლადიმირ პუტინი

პუტინი: რუსეთი არ გეგმავს სამხრეთ კავკასიის რეგიონის დატოვებას

ვლადიმირ პუტინი
Time

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსულ-სომხურ რეგიონალურ ფორუმზე ყოფნისას აღნიშნა, რომ რუსეთი არ გეგმავს სამხრეთ კავკასიის რეგიონის დატოვებას. ფორუმი ”რუსეთი. სომხეთი. საბაჟო კავშირი”  ქალაქ გიუმრში გაიმართა.

პუტინის თქმით, პირიქით, მისი გეგმაა, გააძლიეროს ყოფნა რეგიონში. სომხეთსა და რუსეთს შორის ორმხრივ ეკონომიკურ კავშირზე საუბრისას, მან აღნიშნა, რომ სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის მიმდინარე წელს 20%-ით, 1.2 მილიარდამდე გაიზარდა. ხოლო რუსულმა ინვესტიციებმა სომხეთში 3 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ეკონომიკურ პრობლემებზე საუბრისას, ვლადიმირ პუტირმა აღნიშნა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე ინტეგრაციის პროცესები სომხეთის პროგრესს სერიოზულ შესაძლებლობებს აძლევს. მან ასევე დაამატა, რომ პირადად შეუწყობს ხელს სომხეთის გაწევრიანებას საბაჟო კავშირში.

შეგახსენებთ, რომ 3 სექტემბერს სომხეთმა გადაწყვიტა, გაწევრიანდეს საბაჟო კავშირში და მონაწილეობა მიიღოს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის შექმნაში.

საბაჟო კავშირი, რომელიც ერთიანი საბაჟო და ეკონომიკური სივრცის შექმნას ითვალისწინებს, 2006 წელს რუსეთმა, ბელარუსმა და ყაზახეთმა ჩამოაყალიბეს. მასში გაწევრიანების სურვილი ყირგიზეთმაც გამოთქვა.

სომხეთი, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მსგავსად ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

სომხეთის გადაწყვეტილების შემდეგ საბაჟო კავშირში გაწევრიანების შესახებ, ევროკავშირის პრეზიდენტმა ქვეყანა ლიტვამ განაცხადა, რომ ამ ნაბიჯით სომხეთმა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე ხელისმოწერის შანსი დაკარგა.

 

კომენტარები