2014 წლის ბიუჯეტი

ბიუჯეტის ახალ რედაქციაში პრიორიტეტული მიმართულებების დაფინანსება მცირდება

commersant.ge

ფინანსთა სამინისტრომ თავის ვებგვერდზე ბიუჯეტის მესამე ვერსია გამოაქვეყნა. მის მიხედვით, ყველა პრიორიტეტული მიმართულების - განათლება, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა და ინფრასტრუქტურა - დაფინანსება იმაზე ნაკლებია, ვიდრე ეს ბიუჯეტის წინა რედაქციებში იგეგმებოდა.

კერძოდ, 2014 წლის ბიუჯეტის წინა პროგნოზებთან შედარებით, განათლების დაფინანსება მცირდება 10 მილიონი ლარით, სოფლის მეურნეობის დაფინანსება მცირდება 26.5 მილიონი ლარით, ინფრასტრუქტურის დაფინანსება მცირდება 15.9 მილიონი ლარით, ხოლო ჯანდაცვის დაფინანსება მცირდება 42 მილიონი ლარით. სოციალურ დაცვასა და საპენსიო უზრუნველყოფაზე 2014 წლის ბიუჯეტის ახალი რედაქციის მიხედვით, 1 970 466 000 ლარი გამოიყოფა. წინა პროგნოზთან შედარებით, ეს რიცხვი 49.7 მილიონი ლარით მეტია. გაზრდილი თანხა სოციალურ დახმარებებს მოხმარდება, საპენსიო უზურნველყოფის თანხები 2014 წლის ბიუჯეტი ახალ ვერსიაშიც იგივე რჩება და პენსიების მატება გათვალისწინებული არ არის.

რაც შეეხება სხვა სამინისტროებს, თავდაპირველ პროგნოზთან შედარებით, 2014 წლის ბიუჯეტის ახალ რედაქციაში იზრდება ეკონომიკის სამინისტროს (62 მილიონი ლარით), იუსტიციის სამინისტროს (10.5 მილიონი ლარით), სასჯელაღსრულების სამინისტროს (2 მილიონი ლარით), საგარეო საქმეთა სამინისტროს (10 მილიონი ლარით), შსს-ს (30 მილიონი ლარით), ენერგეტიკის სამინისტროს (11 მილიონი ლარით), გარემოს დაცვის სამინისტროს (3.2 მილიონი ლარით) და სპორტის სამინისტროს (3.9 მილიონი ლარით) დაფინანსება. უცვლელი რჩება თავდაცვის, ლტოლვილთა და კულტურის სამინისტროების დაფინანსება. მცირდება ფინანსთა სამინისტროს (4 მილიონი ლარით) დაფინანსება.

ბიუჯეტის პროექტის ახალი ვარიანტის თანახმად, მთავრობის კანცელარიის დაფინანსება, თავდაპირველ პროექტთან შედარებით, 20 მილიონ ლარამდე ორმაგდება. პარლამენტის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება უცვლელია. თავდაპირველ პროექტთან შედარებით, გაზრდილია სასამართლოების და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაფინანსებაც.

ფინანსთა სამინისტრო, ახლადგაწერილი ხარჯების თავდაპირველ პროგნოზთან შედარებას არამართებულად მიიჩნევს. როგორც ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, შედარებისას უმჯობესია აქცენტი გაკეთდეს 2013 წლის დამტკიცებული გეგმისა და 2014 წლის გეგმის ერთმანეთთან შედარებაზე. ეს შედარება 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის ახალ რედაქციას განმარტებითი ბარათის სახით თან ახლავს. 

განმარტებითი ბარათის მიხედვით, 2014 წლისთვის მშპ-ის რეალური ზრდის პროგნოზი 5%-ია, ნომინალურ გამოხატულებაში კი მშპ 29.3 მილიარდ ლარს შეადგენს. 2014 წელს სახელმწიფო ბიუჯეტი 9 080 000 000 ლარს შეადგენს.

ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტი, რომელიც მთავრობამ 29 ნოემბრის სხდომაზე მოიწონა, პარლამენტმა წლის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს. 

კომენტარები