შშმ პირთა უფლებათა დაცვის დღე

შშმ პირთა საერთაშორისო დღე თბილისში

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა მსვლელობა მოაწყვეს. მათი განცხადებით, აქციის მიზანი პრობლემებზე საზოგადოების ყურადღების მიპყრობა იყო. 

დღესვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პრობლემებზე მთავრობის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა იმსჯელეს. პრემიერმინისტრის განცხადებით, ხელისუფლება ვალდებულია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ღირსეულად ცხოვრების პირობები შეუქმნას.

"შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები საზოგადოების ის ნაწილია, ვის მიმართაც სახელმწიფოს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია. ხელისუფლება ვალდებულია, თქვენ შეგიქმნათ ღირსეულად ცხოვრების პირობები. არა არსებობის, არამედ - ღირსეულად ცხოვრების. სწორედ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან დამოკიდებულებით ჩანს ყველაზე მკაფიოდ, რა გზას ადგას სახელმწიფო. ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მთავრობაც სწორედ მათთან დამოკიდებულებით დაადასტურებს, თუ რა არის მისი არჩევანი. საქართველოს მთავრობამ 2013 წელი გამოაცხადა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის წლად", - აღნიშნა პრემიერმა.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე მთელს მსოფლიოში ყოველ წელს 3 დეკემბერს აღინიშნება. გაეროს ინფორმაციით, მსოფლიოში მოსახლეობის 15 % შეზღუდული შესაძლებლობისაა.

კომენტარები