თბილისის მეთოთხმეტე კინოფესტივალი

თბილისის კინოფესტივალის მშვენიერი პაემნები

0 კომენტარი
ფოტო: tbilisifilmfestival.ge

თბილისის მეთოთხმეტე კინოფესტივალი ტრაგიკომედიურად გაიხსნა. საუბარი არ მაქვს საორგანიზაციო მხარეზე, არც რაიმე შოუს ან დადგმის ”ბრალია” ეს, ამ ყველაფერში ”დამნაშავე” ლევან კოღუაშვილია. ”ქუჩის დღეების” რეჟისორის ახალმა ფილმმა ”შემთხვევითი პაემნები” ფესტივალი გახსნა და შექმნა ატმოსფერო, რომელიც ფესტივალს ბოლომდე გაჰყვება.

2010 წელს კოღუაშვილის ”ქუჩის დღეები” გამოვიდა, ნარკომანი ჩეკის გარშემო განვითარებული ისტორიაა, ლოკალური, მაგრამ ყველასათვის ახლობელია. მხატვრული კინოსთვის აუცილებელი მსახიობების კარგი თამაშით, გამართული სცენარითა და ფინალით, რომელმაც ნარკომანიის თემაზე ფილმებს საბოლოო ტყვია დაახალა, კოღუაშვილმა ქართული კინო შეცვალა. შეიცვალა იმიტომ, რომ მანამდე აქტუალური და თითქმის ყოველ მეორე ფილმში გამეორებული ნარკოტიკების თემა ეკრანიდან გააქრო. კოღუაშვილს კარგი დებიუტი გამოუვიდა და ამიტომ მის მეორე პროექტს დიდი ინტერესით ველოდი. ”შემთხვევითი პაემნები” მოცდად ღირდა.

სანდრო(ანდრო საყვარელიძე) 40 წლის მამაკაცია, რომელიც სკოლაში ისტორიას ასწავლის, მშობლებთან ერთად ცხოვრობს და ერთადერთი მეგობარი ივა(არჩილ ქიქოძე) ჰყავს. მამის მანქანით დადის, ჯარიმების გადასახდელი ფულიც არ აქვს და საპირისპირო სქესის ადამიანებთან ურთიერთობა უჭირს. სანდრო შეუმდგარი ადამიანია, რომელიც არც ყოველდღიური ცხოვრებით ტკბება და არც ბევრს ფიქრობს მომავალზე. სანდროს ცხოვრება მანანას გაცნობით იცვლება. მანანას(ია სუხიტაშვილი) მეუღლე ჰყავს, რომელიც ციხიდან გამოდის და მასთან დაშორება იოლი საქმე არ იქნება. სანდრო მანანას ქმარს, თენგოს გაიცნობს და ”შემთხვევით” მისი ტაქსისტი გახდება. თენგო სანდროს ფეხმძიმე საყვარელს გააცნობს. თენგოს უნდა, რომ გოგომ აბორტი გაიკეთოს და ფულის შოვნას ცდილობს. ამიტომაც მეგობრის სახლში მივა, რათა ოჯახს მოტყუებით ფული გამოსძალოს.

სანდროს პერსონაჟი ერთდროულად დადებით და უარყოფით ემოციებს აღძრავს. ის უზომოდ კეთილი და ღირსეული მამაკაცია, მაგრამ ამავე დროს უნიათო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელსაც არაფრისთვის ბრძოლა არ შეუძლია. თენგოს შემთხვევაშიც გრძნობები ერთმანეთში ირევა. ერთი მხრივ, მატყუარა ადამიანია, რომელიც არაფერს თაკილობს, მაგრამ მეორე მხარეს პერსონაა, რომელიც ცდილობს ფეხზე დადგეს, იბრძოლოს, თუნდაც აკრძალული წესებით.

კოღუაშვილს კიდევ ერთხელ ეყო ოსტატობა, ქართული რეალობა ეკრანზე ორგანულად გაეცოცხლებინა. კოღუაშვილს შეუძლია, მაყურებლის ემპათია გამოიწვიოს, ეს კი უპირველესია, რაც რეჟისორს მოეთხოვება. კოღუაშვილი ახერხებს, ქართველი მსახიობები ეკრანზე, სულ მცირე, ხელოვნურებად მაინც არ გამოიყურებოდნენ და აჩვენოს ათასჯერ მოსმენილი ამბავი ისე, თითქოს ამას პირველად ვხედავთ. ანდრო საყვარელიძე და მთელი სამსახიობო ანსამბლი (მცირე ეპიზოდების გამოკლებით) მშვენივრად ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობას და ”ბრმა პაემნებს” ტრაგიკომედიად აქცევენ, რომლის ყურებისას სიცილის შეკავება გაგიჭირდებათ, მაგრამ ამავე დროს გაგიჭირდებათ, არ დაითრგუნოთ ეპიზოდებზე, რომელიც ერთი შეხედვით სასაცილოა. ყალბი პაემნებით, ურთიერთობით, ტყუილებით სავსე ურთიერთობების გვერდით, სანდროსა და თენგოს უცნაური კავშირი იბადება. იქ, სადაც შუღლი და კონფლიქტი უნდა არსებობდეს, კოღუაშვილმა ადგილი მეგობრობისთვის გამონახა. რეჟისორი არა მხოლოდ ამ ორ ადამიანს თანაუგრძნობს, არამედ ყველა იმ პიროვნებას, ვინც ამ პერსონაჟების უკან დგას. ასეთი კი დღეს საქართველოში ძალიან ბევრია. სწორედ ეს ხდის ამ ფილმს ასეთ სევდიანსა და სასაცილოს.

კინომოყვარულებს მეორე პაემანი პაოლო სორენტინოსთან ჰქონდათ. ”დიადი მშვენიერება” კონკურსგარეშე ფილმია, რომელსაც კიდევ ერთხელ, შაბათს აჩვენებენ და ყველა კინომოყვარულმა უნდა ნახოს. იტალიური ფილმი წლის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია და, დიდი ალბათობით, ოსკარზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის წოდებისთვის იბრძოლებს.

ჯეფ გამბარდელა(ტონი სერვილო) 65 წლის გახდა. ის წარმატებული გავლენიანი მწერალი და ჟურნალისტია, რომელსაც ცხოვრებაში ქალები, ყურადღების ცენტრში ყოფნა და პოპულარობა არასდროს აკლდა. გამბარდელას გარშემო რომში არაერთგვაროვანი ხალხია. კარდინალი, რომელისთვისაც რწმენაზე მნიშვნელოვანი საჭმლის მომზადების პროცესია; სნობი მწერალი, რომელიც აკრიტიკებს იმას, რაც არასდროს განუცდია და უგრძვნია; არტისტი, რომელმაც ვიბრაციის მნიშვნელობაც არ იცის და მხატვარი ბავშვი. გამბარდელა კარგად იცნობს მარადიულ ქალაქს და იცის, რომ რომი მხოლოდ პიცა და მაღალი მოდა არ არის. მან იცის, რომ რომი დიად მშვენიერებას არ აღიარებს და არც გმირები უყვარს. ის ისე გააქრობს ნებისმიერს, როგორც სორენტინოს ფილმის ბოლოს ილუზიონისტი ჟირაფს. იმიტომ, რომ რომი თავად არის დიადი მშვენიერება. გამბარდელასთვის კი ეს ფრაზა 47 წლის წინ დაიბადა, როდესაც ელიზა გაიცნო. თუმცა, ეს ამბავი გულში ჩაიმარხა, იცოდა, რომი ამას არ აპატიებდა. ამიტომ მთელი ცხოვრება იტალიის დედაქალაქს მიუძღვნა, მისი სანიმუშო შვილი იყო, გასვენებებსა თუ წვეულებებზე ღირსეული რომაელივით იქცეოდა.

სორენტინო, ოპერატორ ლუკა ბიგაცის დახმარებით, ”დიად მშვენიერებას” ქმნის. ძალიან კარგი მონტაჟი მუდამ დაძაბულობაში გამყოფებთ, რათა მიხვდეთ, სად გადის ზღვარი რეალობასა და ილუზიას შორის. იტალიელი რეჟისორის ფილმი ფელინის საუკეთესო ტრადიციებშია გადაღებული. ის ”ცხოვრება მშვენიერისა” და ”რვა ნახევარის” ერთგვარი გაგრძელებაა. ფილმის ერთ ეპიზოდში პერსონაჟები საუბრობენ გუსტავ ფლობერზე და მის მცდელობაზე, დაეწერა წიგნი არაფერზე. სორენტინომ შეძლო და ფილმი გადაიღო არაფერზე, რომელიც ამავე დროს ყველაფერზეა. ეს არის ისტორია სიყვარულზე, სიკვდილზე, რომის ნაღებ საზოგადოებასა და, მოკლედ, როგორც ჯეფ გამბარდელა იტყოდა, ”სხვა ბლა, ბლა, ბლაზე”. ნამუშევარი თავად არის დიადი მშვენიერება.

იმედია, კინომოყვარულებს თბილისის კინოფესტივალის ხვალინდელი დღე ახალ ”მშვენიერ პაემნებს” გვიმზადებს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

აკაკი გოგიჩაიშვილი

კომენტარები