აქციები უკრაინაში

NATO: მოვუწოდებთ უკრაინის მთავრობას, დაიცვას ადამიანის უფლებები

NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს, სადაც მანიფესტანტების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენება დაგმეს და აღნიშნეს, რომ NATO-უკრაინის თანამშრომლობის გაგრძელება უკრაინაში მიმდინარე პროცესებზეა დამოკიდებული.

"ჩვენ ვგმობთ უკრაინაში გადამეტებული ძალის გამოყენებას მშვიდობიანი მანიფესტანტების წინააღმდეგ. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ პროვოკაციებისა და ძალის გამოყენებისგან. ჩვენ მოვუწოდებთ უკრაინას, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანას, სრულად შეასრულოს საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებები და დაიცვას აზრის გამოთქმისა და მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლებები. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობასა და ოპოზიციას, ჩაერთონ დიალოგში და ერთად დაიწყონ რეფორმების პროცესი. სუვერენული, დამოუკიდებელი და სტაბილური უკრაინა, რომელიც მტკიცე ერთგულებას გამოხატავს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მიმართ, მნიშვნელოვანი ფაქტორია ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. უკრაინა რჩება NATO-ს მნიშვნელოვან პარტნიორად და ალიანსი აფასებს უკრაინის წვლილს საერთაშორისო მშვიდობის საქმეში. ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება დემოკრატიის ღირებულებების, ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის საფუძველზე. NATO გააგრძელებს უკრაინაში რეფორმების პროცესის მხარდაჭერას", - ნათქვამია განცხადებაში.  

კომენტარები