ოსკარები 2014

ნიუ იორკის კინოკრიტიკოსთა წრის რჩეული დევიდ ო. რასელის ფილმი გახდა

calgaryherald.com

ნიუ იორკის კინოკრიტიკოსთა წრემ წლის საუკეთესო ფილმად ”ამერიკული აფერა” (American Hustle) დაასახელა. დევიდ ო. რასელის ფილმის წლის საუკეთესო ნამუშევრად გამოცხადება მოულოდნელობა იყო, ამ ჯილდოს მოპოვების მთავარ ფავორიტად სტივ მაქუინის ”მონობის 12 წელი”, ითან და ჯოელ კოენების ”ლევაინ დევისში” და ალფონსო კუარონის ”გრავიტაცია” ითვლებოდა.

საუკეთესო რეჟისორი სტივ მაქუინი გახდა და ამავე ნომინაციაში ოსკარის მოპოვების მთავარ პრეტენდენტად იქცა. საუკეთესო ქალი მსახიობისთვის განკუთვნილი ჯილდო ქეით ბლანშეტს ერგო, რომელმაც ვუდი ალენის ფილმში ”ლურჯი ჟასმინი” მთავარი როლი შეასრულა. მამაკაცებს შორის ”ყველაფერი დაკარგულიას” მთავარი ვარსკვლავი რობერტ რედფორდი გამოარჩიეს. ვეტერანი მსახიობი ოსკარის მოპოვების ერთ-ერთი მთავარ ფავორიტადაც ითვლება.

 საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის ჯენიფერ ლოურენსი(”ამერიკული აფერა”) და ჯარედ ლეტო(”დალასის მყიდველთა კლუბი”) გამოარჩიეს.  წლის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი აბდელატიფ კეშიშის კანის ტრიუმფატორი ფილმი ”ადელის ცხოვრება”(Blue is the Warmest Color) გახდა.

მოულოდნელი იყო საუკეთესო ოპერატორად ბრუნო დელბონელის(”ლევაინ დევისში”) დასახელება. ამ ჯილდოს  უპირობო ფავორიტად ”გრავიტაციის” ოპერატორი იმანუელ ლუბეცკი ითვლებოდა. 2013 წლის საუკეთესო ანიმაციური ფილმი ჰაიაო მიაძაკის ანიმე, ”ქარი ძლიერდება” გახდა.

 

კომენტარები