თვითმმართველობის კოდექსი

პარლამენტის ვიცესპიკერი: პატრიარქის პოზიციას ჩვენ ყურს ვუგდებთ

news.ge

საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით, პატრიარქს ხელისუფლება ყურს უგდებს და საპატრიარქოს პოზიცია ყოველთვის მნიშვნელოვანია. როგორც კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე თქვა, დაინტერესდება, რომ სიღრმისეულად გაიგოს, რა საფრთხეებს ხედავს საპატრიარქო თვითმმართველობის კოდექსში. 

"პატრიარქის პოზიციას ჩვენ ყურს ვუგდებთ, რა თქმა უნდა, ყურადსაღები და მნიშვნელოვანია საპატრიარქოს პოზიცია. მაგრამ ეს კანონპროექტი განხილვის საგანია. მისთვის პარლამენტს ჯერ კენჭი არ უყრია. ეს არის საკითხი, რომელზეც ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ. ამ პროცესში ყველას პოზიცია, მათ შორის, ოპონენტების, მოწინააღმდეგეების, მომხრეების, უნდა იყოს გათვალისწინებული. მხოლოდ ამ ფართო კონსენსუსის და მხარდაჭერის მოპოვების შემდეგ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. ალბათ, პატრიარქს თავისი მოსაზრებები აქვს, რასთან დაკავშირებით ამბობს ამ ყველაფერს", - განაცხადა მანანა კობახიძემ.

ცნობისთვის, ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრიდან საკანონმდებლო ორგანოში თვითმმართველობის კოდექსის განხილვა დაგმო. მან ხელისუფლებას მოუწოდა, არ აჩქარდეს. პატრიარქი მიიჩნევს, რომ ქვეყანა მაშინ იყო ძლიერი, როცა ხელისუფლება ძლიერდებოდა. 

კომენტარები