ვლადიმირ პუტინი

ვოვას ოქროს თევზი. გაგრძელება

ალექსანდრე კახა ლომაია
0 კომენტარი

შესაძლოა, ამ ჟურნალის მკითხველს ახსოვდეს ვოვას უჩვეულო თევზაობის ამბავი: თვითმხილველთა გადმოცემით, ერთი სუსხიანი ქვეყნის „დასაცავ ნომერ ერთს", სახელად ვოვას, ოქროს თევზი დაუჭერია. სურვილების ასრულების სანაცვლოდ (როგორც ამას ჟანრის კანონებიც მოითხოვდა), ვოვას ოქროს თევზისთვის გათავისუფლება აღუთქვამს. ეს შეთანხმება შარშან შემოდგომაზე შემდგარა. მისი პირველი ნაწილი მკითხველს გასულ გაზაფხულზე გავაცანით. მაშინვე ვთქვით, რომ, შეძლებისდაგვარად, შეთანხმებისა და ასასრულებელი სურვილების დანარჩენ ნაწილებსაც გამოვიკვლევდით და გავაცნობდით. ახლა ამ პირობას ვასრულებთ, თუმცა სურვილების ნუსხის სისრულეზე თავს ვეღარ დავდებთ. როგორც მკითხველი დაინახავს, შეთანხმების ზოგიერთი დეტალი ისევ ბუნდოვანი დარჩა. უფრო ადვილი იმის განსჯა იქნება, შეუსრულა თუ არა ოქროს თევზმა ვოვას სურვილები.

მკითხველს ჯერ პირველ ექვს სურვილს შევახსენებთ და მერე სხვა სურვილებზეც გადავალთ. ვოვას სურვილები, როგორც გახსოვთ, ერთი და იმავე ფრაზით იწყებოდა: „საქართველოში ისეთი ხელისუფლება მოიყვანე, რომელიც...":

... თავადვე გააქარწყლებს საქართველოს წარმატების ისტორიას;
... შეაფერხებს, ან, უფრო მეტიც, გააჩერებს ბაქო-ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის მშენებლობას;
... ჩვენს მზვერავებს გამოუშვებს ციხიდან,როგორც „პოლიტიკურ პატიმრებს";
... გამოშიგნავს კანონს ოკუპაციის შესახებ და უპირობოდ დათანხმდება აფხაზეთის რკინიგზის გახსნას;
... აღიარებს, რომ საერთაშორისო ტერორისტებს ამზადებდა და ჩვენთან აგზავნიდა;
...აღიარებს, რომ ომი ჩვენ კი არა, საქართველომ დაიწყო და აგრესორიც თვითონ არის!

ახლა კი, შემდეგი სურვილები, რაც ვოვამ ოქროს თევზს გაანდო:

ვოვას მეშვიდე სურვილი: „საქართველოში ისეთი ხელისუფლება მოიყვანე, რომელიც ეკონომიკურ ზრდას ნულამდე დაიყვანს; იდეალური იქნებოდა, თუ მათი ეკონომიკური ზრდა რუსეთისაზე დაბლა ჩამოვარდება, აბა რა წესია, შარშან თითქმის რვაპროცენტიანი ზრდა რომ ჰქონდათ, ჩვენ კი ორს ვერ ავცდით? ინვესტორების დაფრთხობაც კარგი იქნებოდა სხვადასხვა კოლორიტული ინიციატივებით, მაგალითად, უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვით, „წითელი" შრომის კოდექსის მიღებით, კაზინოების დახურვით; ერთი-ორი პოპულისტური ინიციატივაც არ აწყენდათ, ვთქვათ, „უფასოდ დაგაზღვევთ ყველას" ან „უფასოთ მოგიხნავთ მიწებს" – და ბიუჯეტის დეფიციტის პრობლემებიც გაუჩნდებათ; იქიდან კი გზა მხოლოდ ახალი საგარეო ვალის აღებისკენ ან ბიუჯეტის სეკვესტრისკენ მიდის; ჰოდა, აქ არა ვარ? სიამოვნებით ვასესხებდი ორ-სამ მილიარდს, გრძელვადიანად და, რაც მთავარია, სრულიად უანგაროდ, მხოლოდ მათი ენერგოსისტემის ან რკინიგზის სანაცვლოდ".

ვოვას მერვე სურვილი: „საქართველოში ისეთი ხელისუფლება მოიყვანე, რომელიც სააკაშვილის სამოქალაქო ინტეგრაციის პროექტს წყალს შეუყენებს; ნამდვილი საჩუქარი იქნება, თუ ახალი მთავრობა თავისი მოქალაქე მუსლიმანების უფლებებს შელახავს – რამდენ თემას მისცემს ეს ჩემს დიპლომატებს თურქ, არაბ და სხვა მუსლიმან კოლეგებთან სასაუბროდ; მეორე მხრივ, ამერიკასთან და ევროპასთან ურთიერთობების გასართულებლად უებარი ხერხი იქნებოდა სექსუალურ უმცირესობებზე იერიშის მიტანა: პირდაპირ თვალწინ მიდგას ფოტოები დასავლეთის წამყვანი ჟურნალ-გაზეთების გარეკანებზე, რომლებზეც უმცირესობათა დამრბევი გაოფლილი ქართველი მღვდლები და ჯიგიტები იქნებიან გამოსახული".

ვოვას მეცხრე სურვილი: „საქართველოში ისეთი ხელისუფლება მოიყვანე, რომელიც ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას გამოთქვამს. რა 180-გრადუსიანი შემობრუნება იქნება! ეს განცხადება ბრიუსელში საქართველოს ევროინტეგრაციის სკეპტიკოსების პოზიციებს გააძლიერებს, მათი აღმოსავლეთევროპელი მეგობრების პოზიციებს დაასუსტებს, დსთ-ის შიგნით კი თავისუფლების მსურველთა იმედებს შხაპს გადაასხამს".

ვოვას მეათე სურვილი: „საქართველოში ისეთი ხელისუფლება მოიყვანე, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას ჩაშლის ან, სულ მცირე, მის დონეს პარაფირებამდე დაადაბლებს; თუ ასე მოხდა, კიდევ 12 თვე მექნება საიმისოდ, რომ ხელმოწერამდე საქმე არ მივიდეს. ხელმოწერიდან რატიფიკაციამდეც კარგი მანძილი ექნებათ გასავლელი. მთლად უკეთესი, თუ ხელმოწერის პირობად ევროპელები საქართველოში შერჩევითი მართლმსაჯულების შეჩერებას დაასახელებენ. აი, მაშინ უნდა დატრიალდე, ოქროს თევზო! ახალ მთავრობას „სამართლიანობის აღდგენის" ჟინი არ გაუნელო და თუ გაუნელდა, დარაზმე ციხიდან ბითუმად გამოშვებული „პოლიტპატიმრები", მეც შეგაშველებ ხელს ჩვენი ჯუმბეროვნათი, ხობოტა-ხაბურზაკიათი, ბარათეონით და „მრავალსაუკუნოვანი ერთმორწმუნე სულიერ-კულტურული კავშირებით". მერე ვნახოთ, როგორ ევროპულ-ლიბერალურ ქვეყანასაც ააშენებენ".

ვოვას მეთერთმეტე სურვილი: „საქართველოში ისეთი ხელისუფლება მოიყვანე, რომელიც ტრადიციულ სოციალურ სიმბოლიკას აღადგენს: სტალინის ძეგლს თავის კუთვნილ ადგილზე დააბრუნებს – ხომ უნდა დაინახოს მთელმა მსოფლიომ, თუ როგორ სცემენ ქართველები პატივს თავიანთ საამაყო შვილს! „კრიმინალურ ავტორიტეტებსაც" თუ დაუდგამენ სადმე ძეგლს, ესეც სწორი გზავნილი იქნება პატარა ქართველებისთვის და უცხოეთისთვის იმის შესახებ, თუ რა ღირებულებებზე დგას ეს საზოგადოება. პრეზიდენტის სასახლეც გასაუქმებელია. მანდ უმჯობესია უფასო სასადილო გახსნან, როგორც ღარიბებზე ჭეშმარიტი და არა მოჩვენებითი ზრუნვის სიმბოლო! სახელმწიფო დაწესებულებების დედაქალაქიდან გატანაც გასაუქმებელია! რას მიქვია კონტროლის პალატა გორში, პარლამენტი ქუთაისში და საკონსტიტიციო სასამართლო ბათუმში, ან კიდევ ბათუმის საერთაშორისო ტექნოლოგიური უნივერსიტეტიო? ეგ კარგი იდეა რომ ყოფილიყო, რუსეთის ხელმწიფე ვერ გააკეთებდა, ან მიშიკო მე დამასწრებდა? მოკლედ, ყველაფერი თბილისში! ერთ ადგილას ყველაფერი ადვილი სამართავია ერთი კაცისთვის. ეგ მე მკითხე, თუ არ გჯერა!"

ვოვას მეთორმეტე სურვილი: „საქართველოში ისეთი ხელისუფლება მოიყვანე, რომელიც 2008 წლის ექვსპუნქტიანი შეთანხმების ვითომ შეუსრულებლობაზე, ე.წ. ოკუპაციაზე და მსგავს სისულელეებზე წივილ-კივილით აღარ მომაბეზრებს თავს; ოლიმპიადაშიც მიიღებს მონაწილეობას, ჩემს ოლიმპიელ მეჩირაღდნე-ბომბდამშენსაც ოლიმპიური სიმშვიდით გადაყლაპავს, აფხაზი და სამხრეთ ოსი ჟურნალისტების ოლიმპიურ აკრედიტაციაზე ქოშებს უკუღმა აღარ აყრის, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის 35 კილომეტრით გადაწევის პროვოკაციაზე არ წამოეგება და არც იქ რამდენიმე წვრილი და უმნიშვნელო საზღვრისპირა სოფლის მცხოვრებლის პრობლემებზე დაიწყებს „ცრემლების ღვრას". ბოლოს და ბოლოს, მთავარი ტერიტორია და სახელმწიფო ხომ არ არის? მთავარი ხომ ერთმორწმუნე სულიერი ერთობაა. და ეს სახელმწიფო ერთი არ გვეყოფა რუსებს და ქართველებს, ორი რაღად გვინდა? ხომ გვქონდა ერთი სახელმწიფო 1801 წლიდან, თითქმის ორი საუკუნე, ორი მცირე შესვენებით.

ირველი შესვენება 1921 წელს ისევ ქართველების თხოვნით დავასრულეთ. ჰოდა, ეს მეორე შესვენებაც დავამთავროთ და საქმეს მივხედოთ.

ამ არაჩვეულებრივი ამბის თვითმხილველები ვერ თანხმდებიან იმაზე, კიდევ რამე ჩაუთქვა ვოვამ ოქროს თევზს თუ სულ ეს იყო. ერთი ამბობდა: გავიგე, ეუბნებოდა „ორივეთი ჩამოკიდე, ორივეთიო" – ოღონდ ვიზე ეუბნებოდა, ეგ ვერ გაუგია; მეორემ, რაღაც გვარებს ახსენებდა, ბოკვერაძესა თუ ბენდუქიასო. სხვები კი იფიცებოდნენ, ამ თორმეტი სურვილის გარდა, სხვა არაფერი უთქვამსო.

ასეა თუ ისე, სულ ეს არის, რისი გაგებაც შევძელით. იმის განსჯა კი, შეუსრულა თუ არა ოქროს თევზმა ვოვას სურვილები, როგორც ადრე მოგახსენეთ, პატივცემულო მკითხველო, თქვენთვის მოგვინდვია. ისევე, როგორც ქატოს და ფქვილის, ჭირისა და ლხინის სწორი გეოგრაფიული განაწილება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები