პრეზიდენტის ხელფასი

ხადური: პრეზიდენტი ხელფასის სახით, ხელზე 7200 ლარს აიღებს

ნოდარ ხადური
facebook.com/mofgeorgia

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის ხელფასი პრეზიდენტის ადმინისტრაციის არსებული დაფინანსების ფარგლებში გაიზრდება. როგორც ხადურმა ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე უთხრა, გიორგი მარგველაშვილის შრომის ერთადერთი ანაზღაურება, წინამორბედისგან განსხვავებით, ხელფასია.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება, მათ შორის - შემცირებები, ვინაიდან აპარატს იმდენი ფუნქცია აღარ ექნება და რესურსი საკმარისი იქნება შრომის ანაზღაურების მოსაწესრიგებლად. პრეზიდენტის ხელფასის გაზრდა სრულიად შესაძლებელია არსებული დაფინანსების ფარგლებში. ძალიან ბევრი ხარჯი, რომელიც ჰქონდა წინა პრეზიდენტს, ახალი პრეზიდენტი აღარ გასწევს. 9 ათასი ლარიდან, პრეზიდენტი ხელზე აიღებს მხოლოდ 7 200 ლარს", - აღნიშნა ხადურმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში უკვე შესულია კანონპროექტი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ხელფასის 9 000 ლარამდე გაზრდას ითვალისწინებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ტაბულას განუცხადეს, რომ კანონპროექტის ინიციატორი საპარლამენტო უმრავლესობაა.

ტაბულა შეეცადა დაკავშირებოდა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს დავით საგანელიძეს, თუმცა, ის საზღვარგარეთ იმყოფება და საქართველოში რამდენიმე დღეში დაბრუნდება. ამ ეტაპზე უმრავლესობის სხვა წევრებთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

პრეზიდენტის ანაზღაურებას არეგულირებს საქართველოს კანონი საქართველოს პრეზიდენტის შრომის ანაზღაურების შესახებ. არსებული კანონმდებლობით, პრეზიდენტის ამჟამინდელი ხელფასი 4 720 ლარია. მიხეილ სააკაშვილი ბოლო წლებში სწორედ ამ ოდენობის ხელფასს იღებდა.

პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით, 2013 წლის გაზაფხულზე მინისტრებს ხელფასის, 3 500 ლარის გარდა, დაენიშნათ სახელფასო დანამატი 4 335 ლარის ოდენობით. ჯამში, ისინი ამ თანამდებობაზე მუშაობისთვის თვეში 7 835 ლარს იღებენ.

2012 წლის ოქტომბრამდე საქართველოში მოქმედი მთავრობის წევრების ხელფასი თვეში 3 540 ლარი იყო, თუმცა, მინისტრების უმრავლესობა წელიწადში ხელფასზე გაცილებით დიდი ოდენობის თანხას იღებდა. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მონაცემებით, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ 2011 წელს ხელფასის, 42 480 ლარის გარდა, პრემიის სახით მიიღო 79 920 ლარი, კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამ ხელფასის გარდა, პრემია 78 920 ლარი აიღო, ალექსანდრე ხეთაგურს პრემიის სახით 2011 წელს მიღებული აქვს 63 052 ლარი, ხათუნა კალმახელიძეს - 54 875.

კომენტარები