ბაჩო ახალაიას საქმე

პროკურატურა ახალაიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენს გაასაჩივრებს

საქართველოს მთავარი პროკურატურა

პროკურატურა ე.წ. სამხედროების წამების საქმეზე ბაჩო ახალაიას და სხვა პირთა მიმართ, სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელ განაჩენს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.

პროკურატურის განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბრალდების მხარის საჩივრის საფუძველზე, ბაჩანა ახალაიას, გიორგი კალანდაძის, ალექსანდრე გორგაძის, ზურაბ შამათავას და მერაბ კიკაბიძის საქმეზე ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

"სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ბაჩანა ახალაიას, მერაბ კიკაბიძის, გაგა მკურნალიძის, მანუჩარ დარასელიასა და გიორგი კინწურაშვილის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი და ბრალდების მხარე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრებს" - აცხადებს მთავარი პროკურატურა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია გაამართლა ე.წ. ვაშლის თლის ეპიზოდთან, ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და სენაკის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცთა წამების ბრალდებებთან დაკავშირებით.

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანის ხელმძღვანელობით მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მთავარი პროკურატურის მოთხოვნა და ახალაიასთან ერთად ბრალდებული 7 პირიდან დამნაშავედ მხოლოდ რამდენიმე ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით, 2013 წლის 1 აგვისტოს, ყველა პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენი ჰქონდა გამოტანილი.

სააპელაციო სასამართლომ ბაჩო ახალაია მისთვის წაყენებულ სამივე ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო: 1. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება (სსკ 333-ე მუხლის მესამე ნაწილი, ე.წ ვაშლის თლის ეპიზოდი), 2. ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა (სსკ 143-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები), 3. სენაკის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცთა წამება (114-ე პრიმა მუხლი).

სააპელაციო სასამართლომ გენშტაბის ყოფილი უფროსი გიორგი კალანდაძე უდანაშაულოდ ცნო ვაზიანის ეპიზოდთან დაკავშირებით(25. 143-ე მუხლი და 333-ე მუხლი). სასამართლო კალანდაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი მხოლოდ სენაკის ეპიზოდთან დაკავშირებით (387-ე მუხლის მე-2 ნაწილი) გამოიტანა და მას სასჯელის სახით სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა 3 თვის ვადით დააკისრა, თუმცა, 2012 წელს გამოცხადებული ამნისტიის საფუძველზე კალანდაძე სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდა.

სასამართლომ ასევე უდანაშაულოდ ცნო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი გაგა მკურნალიძე, რომელიც ბრალდებული იყო სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა ჯგუფის მიერ).

იმავე ბრალდებაში სააპელაციო სასამართლომ ასევე გაამართლა ყოფილი სამხედროები მანუჩარ დარასელია და გიორგი კინწურაშვილი. გამამართლებელი განაჩენი იქნა გამოტანილი კიდევ ერთი ბრალდებულის, მერაბ კიკაბიძის მიმართ.

4 დეკემბერს გამოცხადებული განაჩენის მიხედვით, კიდევ ერთი ბრალდებული ალექსანდრე გორგაძე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუმცა, სასამართლომ გორგაძე გაამტყუნა 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის. ამნისტიის გათვალისწინებით, მას სასჯელის საბოლოო სახედ 3 წლითა და 9 თვით პატიმრობა განესაზღვრა.

სააპელაციო სასამართლომ ასევე დამნაშავედ ცნო ბრალდებული ზურაბ შამათავა. გორგაძის მსგავსად, სასამართლომ სსკ-ის 125-ე მუხლის მიხედვით წაყენებული ბრალდება (ვაზიანის ეპიზოდი) შამათავასაც 333-ე მუხლის მე-3 ნაწილად გადაუკვალიფიცირა და ამნისტიის გათვალისწინებით, 3 წლითა და 9 თვით მიუსაჯა პატიმრობა.

კომენტარები