თვითმმართველობის რეფორმა

ტყემალაძე: საკომიტეტო განხილვის გადადების ერთ-ერთი მიზეზი პატრიარქი იყო

0 კომენტარი

საქართველოს პარლამენტის სამ კომიტეტში 6 დეკემბერს დაგეგმილი თვითმმართველობის კოდექსის განხილვა 10 დეკემბრისთვის გადაიდო. პარლამენტში აცხადებენ, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი კოდექსთან დაკავშირებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უარყოფითი პოზიცია გახდა.

"საკომიტეტო განხილვების გადადების მიზეზი გახდა ის, რომ გვინდა, მაქსიმალურად ყველა იყოს ჩართული ამ კოდექსის განხილვაში. გვინდა, რომ ყველა დაინტერესებულ ექსპერტთან და არასამთავრობოებთან ერთად ვიმსჯელოთ ამ საკითხზე.

რა თქმა უნდა, გადადების ერთ-ერთი მიზეზი პატრიარქის 4 დეკემბრის განცხადებაც იყო. ამ საკითხის განხილვისას მაქსიმალური ჩართულობა უნდა იყოს, სწორედ ეს მოუწოდა პატრიარქმაც", - განუცხადა ტაბულას საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ ტყემალაძემ.

თვითმმართველობის კოდექსის განხილვა პარლამენტის სამ კომიტეტში: იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებში უნდა გამართულიყო.

კითხვაზე, იზიარებს თუ არა პატრიარქის უარყოფით პოზიციას თვითმმართველობის რეფორმაზე, პარლამენტარი ტყემალაძე პასუხობს: "პატრიარქის მოსაზრება ჩემთვის ყოველთვის საყურადღებო და მნიშვნელოვანია".

ზურაბ ტყემალაძე ასევე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, პატრიარქს აღნიშნულ საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც უნდა შეხვედროდა, თუმცა, არ იცის, ეს შეხვედრა ნამდვილად შედგა თუ არა.

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი ტაბულასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა, თუმცა, დეპუტატი შეხვედრის მონაწილეთა ვინაობას არ ასაჯაროვებს.

"შეხვედრა რომ შედგა, ბუნებრივია იმდენად, რამდენადაც, როდესაც საპატრიარქოდან განცხადება გაკეთდა თვითმმართველობის რეფორმაზე, მთავრობა ბუნებრივია ეცდებოდა შეხვედრას და მათთვის ახსნას, მათი თავლსაზრისით სად იყო პრობლემა, რა შენიშვნები ჰქონდათ. ჩემი ინფორმაციით, ასეთი საუბარი შედგა", - განუცხადა ირაკლი სესიაშვილმა ტაბულას.

კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 4 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრიდან საკანონმდებლო ორგანოში თვითმმართველობის კოდექსის განხილვა დაგმო. მან ხელისუფლებას მოუწოდა, არ აჩქარდეს. ილია მეორე მიიჩნევს, რომ ქვეყანა მაშინ იყო ძლიერი, როცა ხელისუფლება ძლიერდებოდა. პატრიარქის აზრით, თუ საქართველოს პარლამენტი თვითმმართველობის კოდექსს არსებული ფორმით დაამტკიცებს, "ეს ქვეყანას დაშლამდე მიიყვანს".

საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში თვითმმართველობის კოდექსის განხილვა სამშაბთას, 10 დეკემბერს, 15:00 საათზე გაიმართება.

ხელისუფლება თვითმმართველობის რეფორმის განხორციელებას გეგმავს, რის შედეგადაც თვითმმართველობებში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდება, მათ შორის, თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიენიჭება იმ ქალაქებს, სადაც 15 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, გაიზრდება გუბერნატორთა უფლებამოსილებები და მუნიციპალიტეტების ტერიტორიული მოწყობაც შეიცვლება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები