ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილის გამოქვაბული

0 კომენტარი

იგი ერთბაშად ორ, ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯნულ პოზიციას იკავებს – ერთიდან თავსდება მეორეში. ამასთან, შინაგანი მარჯვედაა დამალული გარეგანში. მეგობრული და უწყინარი – გარეთ, მტრული და მომაკვდინებელი – შიგნით. მომაკვდინებელი თავის თავს პოულობს მხოლოდ საბოლოო აქტში.
ელიას კანეტი

პლატონი „სახელმწიფოში" აღწერს გამოქვაბულს, სადაც დაბმული ადამიანები ზურგით არიან შექცეული სინათლის წყაროსადმი. ისინი ვერ ხედავენ სინათლეს, მაგრამ უცქერენ მათ წინ, გამოქვაბულის კედლებზე მოძრავ ჩრდილებს, რომლებიც ქვაბულის კიდეზე მიმომსვლელი ადამიანების ფიგურებისგან ეცემა კედელს. გამოქვაბულის ბინადრებს სწორედ ეს ჩრდილები ჰგონიათ რეალობა. პლატონი გვეუბნება, რომ დაბმული ადამიანისთვის გათავისუფლება, შემობრუნება და სიმართლის დანახვა – ილუზიის მსხვრევა, შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს.

ჩვენი პოლიტიკური რეალობა შეიძლება ამ პლატონურ გამოქვაბულს შევადაროთ, რომელიც ივანიშვილის პრემიერობიდან წასვლის შემდეგ ჩრდილების თეატრს დაემსგავსა. მოქალაქეები პოლიტიკის ეკრანთან ივანიშვილმა იმით დააბა, რომ ამომრჩეველთა უმრავლესობამ მას ნდობა გამოუცხადა, მაგრამ მის მიერ შექმნილ ქვაბულში დღეს უკვე მხოლოდ და მხოლოდ აჩრდილები ჩანან. ივანიშვილი კი მოურიდებლად უცხადებს თავის ამომრჩეველს, რომ სწორედ ეს არის პოლიტიკა, სწორედ ეს, ქვაბულის კედლებზე არეკლილი აჩრდილები არიან ხალხის რჩეულები, სწორედ ასეთია რეალობა.

ახალი პრემიერიც და პრეზიდენტიც სინამდვილეში მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის მიერ დაშუქებული, მის მიერ პროეცირებული რუხი ლაქებია, რომლებიც საკუთარი თავის შესახებ სიმართლეს მალავენ; მალავენ, რომ ისინი ამ პოლიტიკურ ეკრანზე დაცლილები არიან რეალური პოლიტიკური შინაარსისგან; მალავენ, რომ მათი ნამდვილი სხეულები სხვა განზომილებაში მოძრაობენ და არ წარმოადგენენ იმას, რასაც დაბმულ მოქალაქეებს ურჩევენ მათში დაინახონ – პოლიტიკურ რეალობას.

ივანიშვილმა ისინი ფუნქციურად პოლიტიკურ ილუზიებად ყოფნისთვის გაწირა. პოლიტიკური რეალობა, ნამდვილი პოლიტიკა ამ აჩრდილების მიღმაა, რადგან მათზე ძალაუფლების დელეგირება ერთმა კაცმა – ექსპრემიერმა განახორციელა და არა ამომრჩეველმა. ამიტომ, ცხადია, რომ ისინი უფრო მეტად ანგარიშვალდებულნი მოქალაქეებისადმი კი არა, არამედ მათი პოლიტიკური მშობლისადმი იქნებიან; ბუნებრივია, რომ ისინი, უპირველეს ყოვლისა, გაატარებენ არა ამომრჩეველთა, არამედ მათი ბიგ ბოსის ნებას, მოემსახურებიან მის ინტერესებს.

პოლიტიკური აჩრდილები და მათი პატრონების სახისმეტყველება ყველა დროის კონსპიროლოგების საყვარელი საფიქრალი და თავის შესაქცევი თემაა. საიდუმლო მთავრობა, უჩინარი ხელი, მასონები, სიონისტები, სომხური ლობი არსებობენ, რათა, შეთქმულების თეორიათა მოყვარულების თანახმად, ტყუილში ამყოფონ და მართონ ილუზიებით გაბრუებული ხალხი; თავიანთ ბნელ მიზნებს მოამსახურონ ისე, რომ ამის შესახებ მართულებმა არაფერი უწყოდნენ. როგორც წესი, შეთქმულების თეორიები თეორიებადვე რჩება და მათი მიხედვით არ კონსტრუირდება ხოლმე პოლიტიკური სივრცე. ივანიშვილი კი, არც მეტი, არც ნაკლები, ფაქტობრივად, აცხადებს, რომ იგი იქნება სწორედ ასეთი საიდუმლო მთავრობა, უჩინარი მმართველი ხელი, ასეთი შეთქმულება.

პოლიტიკური თეატრიდან გასული სააკაშვილი, რომელიც გულებიანი დროშით დაემშვიდობა საქართველოს, ღია პოლიტიკოსი იყო – თავის პოლიტიკურ მიზნებს, სურვილებსა და პოლიტიკურ ორიენტაციას არ მალავდა. არ მალავდა, რომ ქვეყნის განვითარება და მისი პოლიტიკური ცხოვრება შესაძლებელი იყო მხოლოდ და მხოლოდ დასავლურ კონტექსტში. შესაბამისად, მკაფიოდ დასავლეთზე ორიენტირებულ პოლიტიკასაც ატარებდა, მაგრამ, ხშირად არადასავლური, ავტორიტარული მეთოდებით – უგულებელყოფდა დემოკრატიულ წესებსა და ადამიანის უფლებებს. მიუხედავად იმისა, რომ მისი ოპონენტები მას არაგულწრფელობის გამო მუდმივად აკრიტიკებდნენ, ის მაინც იყო დასავლური ყაიდის პოლიტიკოსი იმ გაგებით, რომ ძნელი არ იყო მისი პოლიტიკური ენის წაკითხვა და გაგება, რადგან საკუთარ შინაარსს არ ფუთავდა.

ექსპრემიერი ივანიშვილი კი, მიუხედავად იმისა, რომ მისი მეტყველება მეტი რომ არ შეიძლება იმდენად გულწრფელია, მიუხედავად იმისა, რომ იგი თავს პოლიტიკური სიცრუის ზემძლავრ დეტექტორად მიიჩნევს, მაინც უაღრესად დახურული, სხვათა მზერისა და გონებისთვის შეუვალი ხელწერის მქონე გამოდგა, პრინციპში, ისეთივე დახშული, როგორიც იყო პოლიტიკაში მოსვლამდე. ბოლომდე გაურკვეველი დარჩა მისი რეალური პოლიტიკური მისწრაფებები და საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია; გაურკვეველი დარჩა როგორც მისი წასვლის, ასევე მოსვლის ნამდვილი მიზეზიც. ივანიშვილმა საერთოდ არ ისურვა იმის ახსნა, თუ რატომ დატოვა პრემიერის პოსტი, არამედ მხოლოდ ის თქვა, რომ წავიდა, რადგან ეს მის მიერ უკვე დაანონსებული იყო. დღეს ალბათ არავის სჯერა, რომ იგი მართლაც „ენჯეოშნიკი" გახდება. ამავდროულად, მისი გაუჩინარება, სააკაშვილის დემოკრატიული გაუჩინარებისგან განსხვავებით, არის ერთპიროვნული, ავტორიტარული ძალის დემონსტრირება, იმის ჩვენება, რომ ბატონი ბიძინა ყველასა და ყველაფერზე მაღლა დგას და რაც მოეხასიათება, იმას მოიმოქმედებს. ივანიშვილი წავიდა, მაგრამ თქვა, რომ დაბრუნდება კი არა, არამედ მის მიერ დანიშნული მარიონეტების თეატრში დარჩება ყარაბას ბარაბასად.

ამიტომაც, ამჟამინდელი პოლიტიკური სინამდვილე კონსპიროლოგიის ნამდვილი ზეიმია, მისი უტყუარი ხორცშესხმაა. ექსპრემიერი ხშირად იმეორებდა, რომ სააკაშვილმა მთელი მსოფლიო ცხრა წელი ტყუილში ამყოფა, თუმცა, ფაქტობრივად, ვერცერთი მისი ტყუილი ვერ გამოააშკარავა, გარდა იმ დიდი შეთქმულებისა, სიცრუის მანქანა ბოკერია-კანდელაკი რომ აწყობდა, რომელიც საიდუმლო გზებით მართავდა მსოფლიო წამყვან მედიას და პოლიტიკოსებს. ეს შეთქმულება იყო პასუხი ივანიშვილის მთავრობის ნებისმიერ დასავლურ თუ შინაურ კრიტიკაზე, თუმცა, პარადოქსია, რომ ის, საბოლოო ჯამში, თვითონ გახდა საკუთარი თავისა და მთავრობის წინააღმდეგ შეთქმულების საფრთხე.

ივანიშვილის ოფიციალური მმართველობის შემდეგ წარმოიქმნა ერთგვარი საძალაუფლებო ვაკუუმი, ისეთი გარემო, რომელშიც აღარ არსებობენ წინა პლანზე გამოსული რეალური პოლიტიკოსები, რომლებიც იღებენ რეალურ გადაწყვეტილებებს, ხოლო პოლიტიკური ინსტიტუტები უჩინარი გავლენების ზემოქმედების ობიექტებად იქცნენ. ეს მეტისმეტად დიდი რისკის შემცველი სიტუაციაა, რომლის დროსაც ფრონტალური პოლიტიკოსების მიღმა ყოველთვის იდგება ვინმე, ვინც მართავს მათ – ეს შეიძლება იყოს მილიარდერიც, მაგრამ ამავდროულად ეს შეიძლება იყოს რომელიმე წითელი ფოფხაძეც, რომელიც, როგორც ცნობილი გახდა, რაღაც კულუარულ ქსელებს მართლაც ქსოვს; და, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება იყოს ზე გავლენიანი პატრიარქი ან სულაც ამ სამეულის კომბინაცია.

იმ სიტუაციაში, როცა რეალური გავლენის წყარო ღია პოლიტიკური ველიდან გაშრეტილია, ძალაუფლების აღების ყველაზე ხელსაყრელი შანსი საპატრიარქოს აქვს.

ბოლო პერიოდში აშკარა გახდა, რა ძალასა და მობილიზაციურ რესურსს ფლობს ეკლესია. მან წარმატებით მოარყია სახელმწიფოსა და რელიგიას შორის ჯებირები, რაც 17 მაისის მასობრივ დანაშაულსა და მუსლიმთა მეთოდურ დევნაში გამოვლინდა, რასაც ვერაფერი დაუპირისპირა მთავრობამ, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი დამნაშავეების უმკაცრესი დასჯითაც იმუქრებოდა.

ამასთანავე, საპატრიარქო, სხვებისგან განსხვავებით, შეიარაღებულია ფუნდამენტალიზმის იდეოლოგიით. იგი ანტიდასავლური და პრორუსული კვაზინაციონალიზმის მთავარი და თანმიმდევრული პროპაგანდისტია, რომლის ცენტრალურ საერო პერსონიფიკაციად რაინდი ვასაძე მოგვევლინა, პოეტურ-ისტორიოსოფიული, თვალმინაბული მოთქმით იმაზე, თუ როგორ ვერ ჰპოვა მან ბედნიერება დასავლეთში და სინამდვილეში, საით უნდა წავიდეს ივერია, მთელი თავისი ჩოხოცენტრული ტენდენციებით მოდასა და პოლიტიკაში.

ლევან ვასაძემ, როგორც ეტყობა, ქართულ პოლიტიკურ სცენაზე რაინდის ცეკვა უნდა შეასრულოს. რაინდული რომანების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მას დაკისრებული უნდა ჰქონდეს რაღაც განსაკუთრებული, კონკრეტული მისია, ის უნდა დაუპირისპირდეს ბოროტებას და დაამარცხოს იგი – არ არის შემთხვევითი, რომ 17 მაისის ბატალიის ერთ-ერთი მთავარი გმირი, მისი ერთ-ერთი მხედართმთავარი, იაკობ ბოდბელთან ერთად, სწორედ ყელმოღერებული რაინდი იყო.

შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ ბოლო პერიოდში საპატრიარქო დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშის უფრო აქტიურ ფაზაშია შესული და აქვს კონკრეტული პოლიტიკური პროექტი, რომლის განხორციელებასაც იგი კარგა ხანია ესწრაფვის. მას უკვე ჰყავს ნანატრი „უფლისწული", რომელიც თავისი არსებობით სოლიდური სიმბოლური კაპიტალი, სიმბოლური გავლენის გენერატორი და ხანგრძლივ პერსპექტივაზე გათვლილი საძალაუფლებო თამაშის პერსონაჟია.

არც ისაა ძნელად შესამჩნევი, რომ საპატრიარქოს, რაინდსა და მონარქიის პროექტს სარკისებური ეფექტი აქვთ, ეს ფიგურები, შეიძლება ითქვას, ორმაგად დაშიფრული კოდები და აგენტები არიან, რომლებიც ფორმალურად ერთს, ეროვნულს, მისაღებს, დადებითს, კეთილშობილურს ასახავენ, ხოლო მათი შინაარსი მეორეა, ისინი მალავენ თავის თავში რაღაც ისეთს, რაც საშიში და შემაძრწუნებელია, რაც ანტიეროვნულია თავისი არსით. მაგალითად, პატრიარქი სიტყვით ეთაყვანება ქრისტეს, ხოლო საქმით სტალინს, ისევე როგორც ჩოხაში გამოწყობილი მწუხარე სახის რაინდი გარეგნულად ულტრანაციონალისტია, ხოლო საქმით ნაციონალურ მონობაში დაბრუნებაზე ზრუნავს. აი, მონარქიაც, ერთი შეხედვით, ტრადიციული წესრიგის აღდგენისკენ სწრაფვაა, ხოლო რეალურად კომუნისტურ-ნომენკლატურულ წამოწყებას უფრო ჰგავს, რომელიც თავის თავში სერიოზული ანარქიის საფრთხესაც შეიცავს.

ეს ჰიბრიდული არსებები, ეს სფინქსები დღეს უკვე ნამდვილ ტოტემებად და ტაბუებად მოევლინენ ჩვენს პოლიტიკურ გამოქვაბულს, უფრო სწორად, გამოქვაბულში დაბმული ადამიანების ცნობიერებას. ახლა, მათ ერთადერთი რამ აკლიათ – პოლიტიკური ძალაუფლების ხელში აღება. რაკიღა ეს ორსახა იანუსები ოდითგანვე გამოქვაბულების ნამდვილი ავტოქტონები, მისი ნამდვილი ბინადრები და ბატონ-პატრონები არიან, ადვილი მოსალოდნელია, რომ ივანიშვილის ქვაბულში, ამ რეალობისგან გამოცლილ ვაკუუმში, სწორედ ისინი ჩაანაცვლებენ ჩრდილოვანი პოლიტიკოსების სუსტ ძალაუფლებას. შეიძლება ასეც ითქვას: ბნელი იერარქები და წყვდიადის რაინდები მოდიან!

ახალი ხელისუფლების არსენალშია მერყევი პრეზიდენტი, კაცი პლასტილინი, რომელიც სულ რაღაც ორი წლის წინ აცხადებდა: ივანიშვილი იმიტომაა მისაღები, რომ რუსეთის პროექტიაო, ბათუმში მეჩეთის აგების წინააღმდეგ იცავდა საპატრიარქოს პოზიციებს, მთელი სერიოზულობით აცხადებდა, რომ ახლა ლიბერალური იდეების კი არა, ქალიშვილობისა და მართლმადიდებლობის შენარჩუნებაა ნონკონფორმიზმი. ძნელი წარმოსადგენია, რომ ვასაძის ბავშვობის მეგობარმა, რომელსაც, როგორც თვითონ ამბობს, ბიძინასგან მხოლოდ სამყაროს ემოციურ-რომანტიკული აღქმა განასხვავებს, ხოლო პრეზიდენტად არჩევისთანავე პატრიარქს ეახლა, შეძლოს ფუნდამენტალიზმის შეჩერება.

ასევე რთულია იმის წარმოდგენა, თუ რა წინააღმდეგობას გაუწევს ამ შავ ჭირს პრემიერი, რომელმაც საპატრიარქოსთან მიმართებით ვერცერთი გამოცდა ვერ ჩააბარა: რომელმაც განაცხადა, რომ სამასი მღვდლის წინაშე სრულიად უძლურია, რომლის სახელს ჭელის სპეცოპერაცია, სამთაწყაროში მუსლიმების დევნა და ცენზურის დაწესებაში საპატრიარქოს ხელშეწყობა უკავშირდება. ძნელი წარმოსადგენია, ამ პერსონამ რაიმე წინააღმდეგობის გაწევა შეძლოს, თუკი საპატრიარქო უფრო მეტი ძალაუფლების აღებას მოინდომებს, ვიდრე დღეს აქვს.

ერთი სიტყვით, პრობლემის არსი ისაა, რომ დღესდღეობით ღია პოლიტიკურ არენაზე აღარ დარჩნენ პოლიტიკური, სეკულარული ავტორიტეტები, რომლებიც გზას გადაუღობავენ ფუნდამენტალიზმს, ხოლო კულუარულ ბრძოლებსა და გარიგებებში, ძნელი სათქმელია, საბოლოოდ რა ძალა გაიმარჯვებს, რეალური კაპიტალი დაჯაბნის სიმბოლურს თუ პირიქით. თუმცა ისიც არაა გამორიცხული, რომ მათ შორის კონტრაქტი გაფორმდეს.

დამოუკიდებლობის შემდეგ ნებისმიერი ხელისუფლება ცდილობდა, კონტრაქტი გაეფორმებინა ეკლესიასთან, მაგრამ ეს ძალისხმევა არცთუ შედეგიანად მთავრდებოდა ხოლმე.
გამსახურდია, მაგალითად, აცხადებდა, რომ ქართული სახელმწიფოებრიობა მართლმადიდებლობას უნდა დაეფუძნოს, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ პირველ პრეზიდენტს საპატრიარქოს მხარდაჭერა მოეპოვებინა.

შევარდნაძის კონტრაქტი რელიგიურ ბაზარზე საპატრიარქოს ექსკლუზიური ბატონობა და საკანონმდებლო აღიარება იყო, რომელიც კონსტიტუციური ხელშეკრულებით გამოიხატა, მაგრამ ვარდების რევოლუციის წინ, ყველაზე პრინციპულ მომენტში, ილია მეორემ თავის ძველ კოლეგას მაინც უღალატა.

სააკაშვილის დროს სამღვდელოებას გარანტირებული ჰქონდა დიდძალი ფინანსურ-მატერიალური მხარდაჭერა, ასევე ექსკლუზიური ბატონობა მედიაში, ტაბუ მის კრიტიკაზე. ამის მიუხედავად, თითქმის მთელი ეკლესია ღიად დაუპირისპირდა პრეზიდენტს, რამაც უმნიშვნელოვანესი გავლენა იქონია 2012 წლის არჩევნების შედეგზე.

ერთი სიტყვით, არც იდეოლოგიური და სამართლებრივი აღიარება და არც გადარიცხული მილიონები არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ საპატრიარქო ანტისახელისუფლებო გზას არ შედგომოდა.
ოცნების მთავრობასა და საპატრიარქოს შორის ახალი კონტრაქტი თუ დაიდება, მაშინ ეს უსათუოდ პოლიტიკური შეთანხმება იქნება ხელისუფლების გადანაწილებისა და ქვეყნის მართვის პირობებზე, რადგან ახლა უკვე, საპატრიარქოს, იდეოლოგიური, სამართლებრივი, ეკონომიკური პრეფერენციების გარდა, სჭირდება დამატებითი და მთავარი სიკეთე – კონკრეტული პოლიტიკური ძალაუფლება.

ამის შესახებ განაცხადი კლიროსმა და რაინდმა უკვე გააკეთეს – ესაა საკონსტიტუციო მონარქიის აღდგენის შეთავაზება, რასაც წინ უნდა უძღოდეს საპატრიარქოს კრიტიკის ოფიციალური აკრძალვა, უმცირესობათა დისკრიმინაციის უფლების დაკანონება, ექსკლუზივი ქველმოქმედებაზე და კიდევ ბევრი სხვა ტოტალური თუ კერძო ხასიათის ინტერვენცია მოქალაქეების პირად და საჯარო ცხოვრებაში.
როგორც ჩანს, პოსტივანიშვილისეული ხანა აღბეჭდილი იქნება სწორედ ამ ფუნდამენტური საპატრიარქო გამოწვევებით, რომელიც პირდაპირ ემუქრება არა მარტო დასავლურ კურსს, არამედ სახელმწიფოებრიობასაც, ემუქრება საქართველოში ჩამოსული სტუმრების უსაფრთხოებასაც და საქართველოს მოქალაქეების ან, უფრო სწორად, გამოქვაბულში დაუბმელი მოქალაქეების თავისუფლებასაც.

საბოლოოდ, ამ დიდი რყევის შედეგზე იქნება დამოკიდებული ის, თუ რა ტიპის ქვეყანაში ვიცხოვრებთ – დასავლურ ლიბერალურ დემოკრატიაში თუ ჩავრჩებით იმპერიის პროვინციულ ჯურღმულში, მის მიერ გამოგზავნილი ახალ-ახალი ბიზნესმენების, რაინდების, პოეტების, მეფეების, თავად-აზნაურებისა და მუცელღმერთა სამღვდელოების მასკარადის ხიბლით მონუსხულები.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები