თვითმმართველობის რეფორმა

ტრიპოლსკი: მივესალმებით თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებულ დისკუსიას

media.ge

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის პროექტთან და მის გარშემო წარმოქმნილ დისკუსიასთან დაკავშირებით, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ტრიპოლსკი თავის პირველ მოადგილესთან გია ჟორჟოლიანთან ერთად, განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, სახელმწიფო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ქვეყნის განვითარებას და დემოკრატიის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს. 

"ჩვენ ამ დისკუსიას მივესალმებით, რადგან მიგვაჩნია, რომ საკითხი საერთო საქვეყნო მნიშვნელობისაა და აუცილებელია, ის გადაწყდეს ფართო საზოგადოებრივი დისკუსიისა და კონსენსუსის პირობებში. ჩვენ აქტიურად ვიყავით ჩართულები მიმდინარე დისკუსიებში, მაგრამ ამ დღეებში სამწუხაროდ ვერ ვახერხებთ ჩართვას მიმდინარე მსჯელობებში, რადგან თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების პოლიტიკის გამოცდილების გაზიარების მიზნით, სამუშაო ვიზიტით ვიმყოფებით თვითმმართველობის მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ქვეყანაში - შვეიცარიაში. ორი დღის შემდეგ ჩვენ ვბრუნდებით საქართველოში. დაგეგმილი გვაქვს შეხვედრები როგორც სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებთან, ასევე არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლებთან. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ ჯგუფს, მოგვაწოდონ მოსაზრებები საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში და აქტიური მონაწილეობა მიიღონ პარლამენტის საკომიტეტო მოსმენებსა და განხილვებში. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ფართო საზოგადოებრივი და საპარლამენტო განხილვების შედეგად მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებასა და დემოკრატიის დამკვიდრებას", - აცხადებენ დეპუტატები.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის სამ კომიტეტში 6 დეკემბერს დაგეგმილი თვითმმართველობის კოდექსის განხილვა 10 დეკემბრისთვის გადაიდო. პარლამენტში აცხადებენ, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი კოდექსთან დაკავშირებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უარყოფითი პოზიცია გახდა.

კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 4 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრიდან საკანონმდებლო ორგანოში თვითმმართველობის კოდექსის განხილვა დაგმო. მან ხელისუფლებას მოუწოდა, არ აჩქარდეს. ილია მეორე მიიჩნევს, რომ ქვეყანა მაშინ იყო ძლიერი, როცა ხელისუფლება ძლიერდებოდა. პატრიარქის აზრით, თუ საქართველოს პარლამენტი თვითმმართველობის კოდექსს არსებული ფორმით დაამტკიცებს, "ეს ქვეყანას დაშლამდე მიიყვანს".

საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში თვითმმართველობის კოდექსის განხილვა სამშაბთას, 10 დეკემბერს, 15:00 საათზე გაიმართება.

ხელისუფლება თვითმმართველობის რეფორმის განხორციელებას გეგმავს, რის შედეგადაც თვითმმართველობებში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდება, მათ შორის, თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიენიჭება იმ ქალაქებს, სადაც 15 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, გაიზრდება გუბერნატორთა უფლებამოსილებები და მუნიციპალიტეტების ტერიტორიული მოწყობაც შეიცვლება.

 

 

კომენტარები