ნელსონ მანდელა

95 წლის ასაკში ნელსონ მანდელა გარდაიცვალა

CNN

95 წლის ასაკში თავისუფლებისა და სამხრეთ აფრიკაში აპარტეიდის წინააღმდეგ მებრძოლი ნელსონ მანდელა გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ქვეყნის პრეზიდენტმა ჯეიკობ ზუმამ გამოაცხადა.

სამხრეთ აფრიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი ბოლო წლებში ჯანმრთელობას უჩიოდა. მას ფილტვების ინფექცია სჭირდა და ხშირად საავადმყოფოში იმყოფებოდა.
ამჟამინდელ პრეზიდენტ ჯეიკობ ზუმას თქმით, ”ჩვენმა ერმა უდიდესი შვილი დაკარგა. ჩვენმა ხალხმა მამა დაკარგა".

აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას თქმით კი, ” ჩვენ დავკარგეთ გავლენიანი, მამაცი და კარგი ადამიანი. ის ჩვენ აღარ გვეკუთვნის, ის ეკუთვნის საუკუნეებს”.

ნელსონ მანდელა 27 წლის განმავლობაში დაპატიმრებული იყო. გათავისუფლების შემდეგ მან დიდი როლი შეასრულა ქვეყნის თეთრკანიანი უმცირესობის მმართველობიდან დემოკრატიამდე მიყვანაში. მან 1994 წელს გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელშიც ყველა რასის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ და პირველად გახდა ქვეყნის დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი.

მანდელა ნობელის პრემიის ლაურეატია მშვიდობის დარგში. მას დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ სამხრეთ აფრიკა აპარტეიდის რეჟიმის გაუქმების შემდეგ, სამოქალაქო ომის დაწყებას გადაურჩა.

კომენტარები