ხანუქას დღესასწაული

ომბუდსმენი: ხანუქას დღესასწაულზე სასულიერო პირთა კომენტარები შემაშფოთებელია

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის შეფასებით, თავისუფლების მოედანზე, ხანუკას დღესასწაულზე მომხდარი ინციდენტი აბსოლუტურად მიუღებელია. ომბუდსმენის თქმით, ქართულ საზოგადოებაში მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებული გავლენის გამო, საეკლესიო პირთა ყოველ განცხადებას უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სასულიერო პირთა კომენტარებს სახალხო დამცველი შემაშფოთებლად მიიჩნევს და წუხილს გამოთქვამს, რომ საპატრიარქოს გამოკვეთილი პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებია.

"4 დეკემბერს, თავისუფლების მოედანზე, ხანუკას დღესასწაულთან დაკავშირებით მომხდარი ძალადობრივი ქმედება სამართლიანობის და თანასწორობის პრინციპებიდან გამომდინარე, აბსოლუტურად მიუღებელია. საქართველოს კონსტიტუცია და ადამიანის უფლებათა დაცვის ფუნდამენტური დოკუმენტები, მათ შორის, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ რელიგიურ თანასწორობას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ რწმენის, აზრის და რელიგიის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტია, ხოლო რელიგიის თავისუფლება ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც თანაბრად იცავს ყველა მორწმუნის თუ ათეისტის იდენტობასა და ცხოვრების წესს (ევეიდა და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, N 59842/10, პარაგრაფი 79).

ქართულ საზოგადოებაში მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებული გავლენის გამო, საეკლესიო პირთა ყოველ განცხადებას უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამიტომ, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სასულიერო პირთა კომენტარებს სახალხო დამცველი შემაშფოთებლად მიიჩნევს და წუხილს გამოთქვამს, რომ საპატრიარქოს გამოკვეთილი პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებია. ამასთან, სახალხო დამცველი მიესალმება სახელმწიფოს მხრიდან მყისიერ რეაგირებას", - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ორმა მოქალაქემ, თავისუფლების მოედანზე, სადაც 4 დეკემბერს ხანუქას დღესასწაულის ბოლო დღე აღინიშნებოდა, პლაკატები ჩამოხია და დამონტაჟებული ტრიბუნა დააზიანა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი პირი დააკავა. მათ ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის საფუძველზე წაუყენეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. ხანუქას დღესასწაულზე პლაკატების დაზიანებისთვის დაკავებულ პირებს სასამართლომ 100-100-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ გურამ ფალავანდიშვილი და დავით ლორთქიფანიძე სამართალდამრღვევებად ცნო. 

ამასთანავე, თავისუფლების მოედანზე 20-მდე ადამიანი ხანუქას დღესასწაულის აღნიშვნას აპროტესტებდა. ადგილზე იმყოფებოდნენ მართლმადიდებელი სასულიერო პირები. მათი თქმით, მაშინ როდესაც მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლობის დღესასწაულს აღნიშნავს, ხანუქას დღესასწაულისთვის მიძღვნილი ღონისძიება შეურაცხმყოფელია. სწორედ ამიტომ, მათი განცხადებით, ისინი ცდილობდნენ კონცერტის ჩაშლას.

კომენტარები