ცესკოს წევრობის კანდიდატები

პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს წევრობის კანდიდატები წარუდგინა

ცესკო

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-12 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს გიორგი შარაბიძისა და ეკატერინე მოდებაძის კანდიდატურები წარუდგინა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ოფიციალური ინფორმაციით, გიორგი შარაბიძე 2012 წლის ივნისიდან დღემდე UNDP-ის საქართველოს საარჩევნო დახმარების პროექტის „სანდო და მდგრადი საარჩევნო ინსტიტუციებისა და პროცესების ხელშეწყობა“ ტრეინინგ-ოფიცერია, 2009-2010 წლებში იგი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ტრეინინგების სამმართველოს ტრეინინგების სპეციალისტი იყო. გიორგი შარაბიძე 2009 წელს მუშაობდა საქართველოში UNDP-ის BRIDGE ფასილიტატორად. 1996-1998 წლებში იყო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი. გიორგი მოდებაძე ფლობს BRIDGE-ის სერტიფიკატს, 2013 წელს კი მიღებული აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კიდევ ერთი კანდიდატი ეკატერინე მოდებაძე პროფესიით იურისტია. 2013 წლის იანვრიდან დღემდე შპს „განათლების ექსპერტის“ იურისტად მუშაობს, ხოლო 2013 წლის აგვისტოდან ოქტომბრის ჩათვლით იყო სსიპ-საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმების და სწავლების ცენტრის ტრენერი. 2012-2013 წლებში იყო ცეესკოს წარმომადგენელი სამგორის #6 საოლქო საარჩევნო კომისიაში. 2012 წელს მიღებული აქვს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის შესარჩევი კონკურსი 19 ნოემბერს გამოცხადდა. კანდიდატები ოთხკაციანმა კომისიამ შეარჩია, რომლიც პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით დაკომპლექტდა. კომისიის შემადგენლობაში არიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა აბაშიძე, ადმინისტრაციის საქმისწარმოებისა და საკადრო საკითხთა სამსახურის უფროსი დავით უმეკაშვილი, სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური..

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ერთ ვაკანტურ ადგილზე კომისიამ 24 განაცხადი განიხილა.

კომენტარები