ვანო მერაბიშვილის საქმე

მერაბიშვილი: მე და იულია ტიმოშენკოს ერთი ბედი გვაქვს

Reuters

ყოფილმა პრემიერმინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. მერაბიშვილის თქმით, ის სხდომებზე დასწრების აზრს ვერ ხედავს, რადგან არცერთი მოწმე მის ბრალეულობაზე არ საუბრობს. სხდომის დატოვებამდე ყოფილმა პრემიერმა ის ხარჯები წარმოადგინა, რომელიც მისივე განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან მისი ქუთაისში ტრანსპორტირებისთვის გამოიყოფა. მერაბიშვილის თქმით, ერთჯერადად მისი ქუთაისში ჩასვლა 5 ათასი ლარი ჯდება. ყოფილმა პრემიერმა პროკურატურას "ქვეყნის ისედაც მწირი ბიუჯეტის" დაზოგვისაკენ მოუწოდა.

სხდომის დატოვებამდე კი, ვანო მერაბიშვილმა უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა და პატიმრობაში მყოფ იულია ტიმოშენკოს გამძლეობისკენ მოუწოდა. მერაბიშვილმა პროცესზე უკრაინის დროშა ააფრიალა, რასაც დარბაზში ოვაცია მოჰყვა. 

"მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო ჩემს უკრაინელ მეგობრებს. უპირველეს ყოვლისა, ტომოშენკოს ვუსურვებ მხნეობას, რომელმაც წლები გაატარა ციხეში. ჩვენ ერთი ბედი გვაქვს და ალბათ ისევ ჩვენ მოგვიწევს საქართველოს ევროპულ გზაზე წაყვანა" - განაცხადა მერაბიშვილმა.

დღევანდელ პროცესზე ჩვენება შვიდმა მოწმემ მისცა. დაიკითხნენ ბენეფიციარები თბილისიდან. ასევე, ჩვენება მისცა აჭარის სოციალური სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა.

მერაბიშვილსა და ჭიაბერაშვილს ე.წ. დასაქმების საქმეზე ბრალი რამდენიმე მუხლით აქვთ წაყენებული, კერძოდ, ამომრჩევლის მოსყიდვა, თანხის მითვისება/გაფლანგვა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.

კომენტარები