ნულანდის ვიზიტი

ნულანდი: გვინდა, სწრაფად მოგვარდეს ოკუპაციასთან დაკავშირებული პრობლემები

www.thenewstribe.com

შეერთებული შტატები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას აგრძელებს და იმედოვნებს, რომ რეგიონში კონფლიქტი მშვიდობიანად მოგვარდება. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ საქართველოში ერთდღიანი ვიზიტისას განაცხადა. მან ქართველ ხალხს საპრეზიდენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება და ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება მიულოცა.

"მოუთმენლად ველით ქართველი ლიდერების ამერიკაში ვიზიტს. საქართველომ დიდი პროგრესი განიცადა ნატოსთან დაახლოების გზაზე. როგორც იცით, ნატო-საქართველოს კომისია აქტიურად მუშაობს იმისთვის რომ ქვეყანა ნატოში შესვლისთვის მოამზადოს. რაც შეეხება სექტემბერში გასამართ სამიტს, ამერიკისა და ნატოს მესიჯი იქნება რომ ქვეყანამ აქტიურად უნდა იმუშაოს ნატოს სტანდარტებთან დასაახლოებლად. ჩვენც, შესაბამისად შევაფასებთ თქვენს მიერ მიღწეულ პროგრესს. რუს კოლეგებთან საუბრისას ყოველთვის ვეხებით საქართველოს საკითხს. ჩვენი მკაფიო მესიჯია რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ გვინდა დავინახოთ პროგრესი ამ ორი მეზობლის ურთიერთობაში და გვინდა სწრაფად მოგვარდეს ოკუპაციასთან დაკავშირებული პრობლემები. საქართველოში არსებული კონფლიქტის მოსაგვარებლად უნდა გაგრძელდეს ჟენევის მოლაპარაკებები. თუმცა, ამ მხრივ უფრო მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ხმა მიაწვდინოს აფხაზ და ოს ხალხს და აუხსნას, რომ ისინი მხოლოდ საქართველოსთან ერთად შეძლებენ ევროპასთან დაახლოებას. როგორც იცით, ასოცირების ხელშეკრულება ხელს უწყობს საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციას. თქვენ იცით, რომ დოკუმენტის ხელმოწერისთვის საჭიროა ბევრი რეფორმის გატარება. საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერმინისტრს ვუთხარი, რომ შეერთებული შტატები საქართველოს დაეხმარება საჭირო რეფორმების დროულად ჩატარებაში იმისთვის, რომ ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებისგან მიღებული პრივილეგიებით სარგებლობა შეძლოს", - აღნიშნა ვიქტორია ნულანდმა.

კომენტარები