თვითმმართველობის კოდექსი

ბოკერია: უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოში სახელმწიფო და ეკლესია გაყოფილია

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მდივნის, საგარეო საკითხებში, გიგა ბოკერიას განცხადებით, ყველას უნდა ესმოდეს, რომ საქართველოში სახელმწიფო და ეკლესია გაყოფილია. როგორც ბოკერიამ თვითმმართველობის კოდექსზე საუბრისას თქვა, დოკუმენტს დეტალურად არ იცნობს, თუმცა ამ საკითხზე ცალკეული პოლიტიკოსებისა და სასულიერო პირების შეფასებები გაუაზრებელია.

"საუბარი სეპარატიზმის გაღვივებასა და ქვეყნის დაშლის გეგმაზე უკეთეს შემთხვევაში არის სრული გაუაზრებლობა და ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოში სახელმწიფო და ეკლესია გაყოფილია. ბევრი შენიშვნა შეიძლება იყოს თვითმმართველობის კოდექსის და იმ გაურკვევლობის მიმართ, რომელიც მნიშვნელოვანი საკითხებისადმი არსებობს. მასში არის ნიშნები, რომ პოლიტიკური ბიუროკრატია გაიზარდოს და მე ეს არ მომწონს", - განაცხადა ბოკერიამ და აღნიშნა, რომ თვითმმართველობის კოდექსის მთავარ პრობლემად გაურკვევლობას მიიჩნევს.

"ის პრეტენზიები, რაც მოვისმინეთ ზოგიერთი პოლიტიკოსისგან და სასულიერო პირებისგან, ჩემთვის სრულიად მიუღებელია", - ამბობს უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პატრიარქმა რამდენიმე დღის წინ თვითმმართველობის კოდექსში შესატანი ცვლილებები გააკრიტიკა. მან ხელისუფლებას მოუწოდა, არ აჩქარდეს. ილია მეორე მიიჩნევს, რომ ქვეყანა მაშინ იყო ძლიერი, როცა ხელისუფლება ძლიერდებოდა. პატრიარქის აზრით, თუ საქართველოს პარლამენტი თვითმმართველობის კოდექსს არსებული ფორმით დაამტკიცებს, "ეს ქვეყანას დაშლამდე მიიყვანს".

ამასთან, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ საკითხზე პატრიარქს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი შეხვდა. საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა ტაბულასთან საუბარში დაადასტურა, რომ საპატრიარქოსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა, თუმცა, დეპუტატს შეხვედრის მონაწილეთა ვინაობა არ დაუსახელებია.

ამასთან, საქართველოს პარლამენტის სამ კომიტეტში 6 დეკემბერს დაგეგმილი თვითმმართველობის კოდექსის განხილვა 10 დეკემბრისთვის გადაიდო. პარლამენტში აცხადებენ, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი კოდექსთან დაკავშირებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უარყოფითი პოზიცია გახდა.

"საკომიტეტო განხილვების გადადების მიზეზი გახდა ის, რომ გვინდა, მაქსიმალურად ყველა იყოს ჩართული ამ კოდექსის განხილვაში. გვინდა, რომ ყველა დაინტერესებულ ექსპერტთან და არასამთავრობოებთან ერთად ვიმსჯელოთ ამ საკითხზე. რა თქმა უნდა, გადადების ერთ-ერთი მიზეზი პატრიარქის 4 დეკემბრის განცხადებაც იყო. ამ საკითხის განხილვისას მაქსიმალური ჩართულობა უნდა იყოს, სწორედ ეს მოუწოდა პატრიარქმაც", - განუცხადა ტაბულას საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ ტყემალაძემ.

ხელისუფლება თვითმმართველობის რეფორმის განხორციელებას გეგმავს, რის შედეგადაც თვითმმართველობებში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდება, მათ შორის, თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიენიჭება იმ ქალაქებს, სადაც 15 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, გაიზრდება გუბერნატორთა უფლებამოსილებები და მუნიციპალიტეტების ტერიტორიული მოწყობაც შეიცვლება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები