ეკლესია და სახელმწიფო

კუბლაშვილი: პატრიარქის შეფასებები არის აბსოლუტურად გადაჭარბებული

0 კომენტარი
ფოტო: chveniambebi.info

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, პავლე კუბლაშვილმა, ტელეკომპანია რუსთავი 2-ში, გადაცემა პოზიციაში სტუმრობისას კომენტარი გააკეთა თვითმმართველობის შესახებ კანონზე, უარყო სეპარატიზმის საფრთხეზე დასმული აქცენტები და სეკულარობის პრინციპის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მე კატეგორიულად ვემიჯნები შეფასებებს სეპარატიზმზე, ვის მიერაც არ უნდა იყოს ის წამოსული. ამ ტიპის შეფასებები არც ქადაგების დროს, ამბიონიდან უნდა კეთდებოდეს და ეს სცილდება სეკულარული სახელმწიფოს ფარგლებს.

ამ ფაქტმა დაადასტურა სამწუხაროდ, რომ პოლიტიკოსები, მათი გარკვეული ნაწილი, დღეს ჯერ კიდევ ცდილობენ რომ ეკლესია გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის. ფაქტია, რომ ეს ინფორმაცია არასწორად მიეწოდა პატრიარქს და აქედან გამომდინარე ის შეფასებები, პატრიარქის მიერ, მე ვფიქრობ, რომ არის აბსოლუტურად გადაჭარბებული და არანაირი საფრთხე სეპარატიზმთან დაკავშირებით ამ კანონპროექტში არ ზის.

თუმცა კიდევ ერთი საკითხი რასაც მინდა ხაზი გავუსვა, ეს არის მმართველი გუნდის მეტი პასუხისმგებლობა ამ საკითხთან დაკავშირებით და ახლა, როდესაც პატრიარქმა განცხადება გააკეთა და შემდეგ გამოდიან თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, ვიქტორ დოლიძე - საგარეო ურთიერტობათა კომისიის თავმჯდომარე და ამბობენ, რომ აი ახლა ჩვენ პატრიარქისგან მოვისმინეთ და ახლა უფრო დავინტერესდებით ამ საკითხით, ეს ცოტა არ იყოს უპასუხისმგებლობაც არის.

ვერ გავიგე, საერთოდ რომ არაფერი თქმულიყო პატრიარქისგან, ეს კანონპროექტი არ უნდა წაეკითხათ თუ ნაკლებად აქტუალური იყო ის რეფორმა, რომელიც ხორციელდება. თავისთავად ეს განცხადებები არაბუნებრივია, რომ აი რადგან პატრიარქმა მოგვიწოდა ამიტომ წავიკითხავთ ამ კანონპროექტს. მე ვფიქრობ, რომ უპასუხისმგებლობაზე მეტყველებს. მაპატიონ ჩემმა კოლეგებმა მაგრამ ასეა. და მეორე მხრივ სხვა პოლიტიკურ ძალებსაც, რომელთაც სურთ, რომ პატრიარქის უკან დადგნენ და თქვან რომ აი მარტო ჩვენ კი არ ვფიქრობთ, ისიც ასე ფიქრობს. ესეც არ არის სწორი პოლიტიკაში, მე ვფიქრობ რომ მთავარი პრობლემა არის პოლიტიკის და რელიგიის, პოლიტიკის და ეკლესიის გამიჯვნა და ეს ესე უნდა მოხდეს" - განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე ქადაგებისას თვითმმართველობის შესახებ კანონპროექტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თუ ის კანონად იქცევა, საქართველო დაიშლება. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები