სასჯელაღსრულების დაწესებულება

IPN: რუსთავის მე-6 საპყრობილეში პატიმრებმა პირი ამოიკერეს

საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი პატიმარ რუსლან გუგუნავას დის, ფიქრია გუგუნავას განცხადებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსთავის მე-6 საპყრობილის რამდენიმე პატიმარმა, პროტესტის ნიშნად, პირი ამოიკერა და მრავლობითი ჭრილობები მიიყენა. ფიქრია გუნავას განცხადებით, პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ.

"პატიმრები რამდენიმე დღეა, შიმშილობენ და ითხოვენ, რომ მათთან მისულიყვნენ ის ადამიანები, ვისაც მათი დახმარება ხელეწიფება, თუმცა უშედეგოდ. არც ეკა ბესელიას კომიტეტიდან და არც სხვა სტრუქტურებიდან მათთვის ყურადღება არავის მიუქცევია, რამაც პატიმრების პროტესტის ამ ფორმით გამოხატვა გამოიწვია. ჩემი ძმის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, არც ვიცი, გამოვა თუ არა მდგომარეობიდან. მოთხოვნები უცვლელია, ითხოვენ სასჯელის შეკრებითობის პრინციპის გაუქმებას, რომელსაც 223 პრიმა მუხლი ითვალისწინებს და საქმეების გადახედვას, რაც სხვებისგან განსხვავებით, მათ შემთხვევაში არ მოხდა", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ფიქრია გუგუნავამ.

იგივე მოთხოვნებით, რუსლან გუგუნავას ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა, ფოთში საპროტესტო აქცია გამართეს.

ტაბულამ ინფორმაციის გადამოწმება ჯერჯერობით ვერ მოახერხა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში, რის გამოც ოფიციალურ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.

 

კომენტარები