ყოფილი მაღალჩინოსნების დაპატიმრება

ყოფილი მთავარი პროკურორის მოადგილე დავით ჩხატარაშვილი დააკავეს

0 კომენტარი
დავით ჩხატარაშვილი ფოტო: მთავარი პროკურატურა

საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, დღეს, 7 დეკემბერს, საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულის სახით დააკავა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით ჩხატარაშვილი. ამასთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში ბრიფინგი რამდენიმე წუთის წინ გაიმართა.

დავით ჩხატარაშვილს ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება; დამამცირებელი, არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება; მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაცია და დანაშაულის პროვოკაციის ორგანიზება.

პროკურატურის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2012 წლის სექტემბრის თვეში საქართველოს იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა და მთავარი პროკურორის ყოფილმა პირველმა მოადგილემ დავით ჩხატარაშვილმა შეიტყვეს, რომ სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში გადაღებული იყო პატიმრების ცემისა და წამების ამსახველი ვიდეომასალა. იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და მთავარი პროკურორის ყოფილმა პირველმა მოადგილემ დავით ჩხატარაშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულების სხვადასხვა მაღალჩინოსნებთან ერთად დაგეგმეს და განახორციელეს ამავე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წინასწარ შერჩეული რამოდენიმე პატიმრის დამცირება, წამება, ცემა და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც მიზნად ისახავდა საზოგადოებისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებას, თითქოსდა სახელმწიფოს შესაბამისმა საგამოძიებო სტრუქტურებმა დროულად გამოავლინეს პატიმართა ცემისა და შეურაცხყოფის ფაქტები. სწორედ დავით ჩხატარაშვილის ორგანიზებითა და დახმარებით განხორციელდა ზემოაღწერილი სცენარი.

გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-გამოვლენის მიზნით.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"იარაღის მუქარით ტელეფონები და ფული წაართვა" - სენაკში ყაჩაღობისთვის 63 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები