ყოფილი მაღალჩინოსნების დაპატიმრება

ხუხაშვილი: ჩხატარაშილი არ იყო დამკვეთი, ის ალბათ მსხვერპლიც კი იყო

გია ხუხაშვილი

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი ტაბულასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ყოფილი მთავარი პროკურორის მოადგილის, დავით ჩხატარაშვილის დაკავება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

"დავით ჩხატარაშვილი იყო დანაშაულებრივი სისტემის მსახური, ის არ იყო დამკვეთი, ფართო გაგებით, ის ალბათ მსხვერპლიც კი იყო. მე მას ადრე არ ვიცნობდი. ჩხატარაშვილთან არჩევნების შემდეგ მქონდა კომუნიკაცია. ჩემი მიზანი მარტივი იყო: მინდოდა გამეგო, როგორ მუშაობდა კრიმინალური სისტემა. ბევრი ვერაფერი ინფორმაცია ვერ მივიღე, მაგრამ საინტერესო რაღაცეები ითქვა ამ შეხვედრებზე. იმ დროს ლამის იმასაც ამბობდნენ, რომ ჩემთან მუშაობდა, რადგან რამდენჯერმე შეამჩნიეს ჩემთან კომუნიკაციაში, აი ასე იყო ყველაფერი.

რაც შეეხება იმ საქმეს, რომელშიც ჩხატარაშვილი ბრალდებულია, დიდი ხანია გამოძიება მიმდინარეობდა, ზოგადად ვიცოდი, მაგრამ დეტალებში არ ვიყავი ჩახედული. არ ვიცი რამდენად არგუმენტირებულია ბრალდება, დეტალებს არ ვიცნობ. ფაქტია, რომ მაშინ ფალსიფიცირებას ჰქონდა ადგილი, ჩვენ გვახსოვს იმდროინდელი მთავარი პროკურორის, ზოდელავას განცხადებები, ის ცნობილი 2 ბრიფინგი. რადგან სააკაშვილის ხელისუფლებამ გაიგო ციხეში პატიმართა წამების შესახებ, დაგეგმეს პროვოკაცია, ალბათ გახსოვთ პატიმართა წამების ის პირველი სპექტაკლი, რომელიც გვანახეს", - განუცხადა გია ხუხაშვილმა ტაბულას.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, დღეს, 7 დეკემბერს, საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულის სახით დააკავა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით ჩხატარაშვილი. ამასთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში ბრიფინგი რამდენიმე წუთის წინ გაიმართა.

დავით ჩხატარაშვილს ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება; დამამცირებელი, არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება; მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაცია და დანაშაულის პროვოკაციის ორგანიზება.

პროკურატურის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2012 წლის სექტემბრის თვეში საქართველოს იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა და მთავარი პროკურორის ყოფილმა პირველმა მოადგილემ დავით ჩხატარაშვილმა შეიტყვეს, რომ სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში გადაღებული იყო პატიმრების ცემისა და წამების ამსახველი ვიდეომასალა. იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და მთავარი პროკურორის ყოფილმა პირველმა მოადგილემ დავით ჩხატარაშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულების სხვადასხვა მაღალჩინოსნებთან ერთად დაგეგმეს და განახორციელეს ამავე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წინასწარ შერჩეული რამოდენიმე პატიმრის დამცირება, წამება, ცემა და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც მიზნად ისახავდა საზოგადოებისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებას, თითქოსდა სახელმწიფოს შესაბამისმა საგამოძიებო სტრუქტურებმა დროულად გამოავლინეს პატიმართა ცემისა და შეურაცხყოფის ფაქტები. სწორედ დავით ჩხატარაშვილის ორგანიზებითა და დახმარებით განხორციელდა ზემოაღწერილი სცენარი.

გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-გამოვლენის მიზნით.

კომენტარები