ვილნიუსის სამიტის შემაჯამებელი კონფერენცია

დიმიტროვი: მინდა, მივულოცო საქართველოს ევროპასთან დაახლოების არჩევანი

tabula.ge

თბილისი მარიოტში ვილნიუსის სამიტის შემაჯამებელ კონფერენციაზე საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა თქვა, რომ ევროპასთან დაახლოება არჩევანის საკითხია. მისივე თქმით, ეს არჩევანი საქართველოს უკეთეს მომავალზეა ორიენტირებული.

"მინდა, ჩემი გამოსვლა დავიწყო მილოცვის სიტყვებით, თუ რას მიაღწია საქართველომ - ცოტა ხნის წინ საქართველომ მოახდინა ვილნიუსში ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება. ევროპასთან დაახლოება, ეს, რა თქმა უნდა, არჩევანის საკითხია. ამაზე მე მუდმივად ვსაუბრობ და კიდევ ერთხელ მინდა, მივულოცო საქართველოს ეს არჩევანი, რომელიც ორიენტირებულია უკეთეს მომავალზე. რა თქმა უნდა, ვაკვირდებით, როგორი მიდგომა აქვს ქართველ ხალხს და მინდა გითხრათ, რომ მოსახლეობას პროდასავლური პოლიტიკის მიმართ უდიდესი მხარდაჭერა აქვს. ასეთი ძლიერი მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან მთავრობას უმარტივებს მუშაობას და ესაა გარანტია, რომ ეს მიმართულება შენარჩუნებული იქნება", - თქვა ფილიპ ფიმიტროვმა.

დიმიტროვმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ასოცირების ხელშეკრულების ნაყოფს, სავარაუდოდ, ერთი წლის შემდეგ, დოკუმენტის ხელმოწერით მოიმკის. თუმცა, ეს დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

"ასოცირების შესახებ ხელშეკრულება გახლავთ ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს არა მარტო ჩვენი ურთიერთობების ინსტიტუციურ სტრუქტურას, არამედ მასში არის უფრო სიღრმისეული შინაარსი - ეს ნიშნავს, რომ უნდა შევინარჩუნოთ დემოკრატიული ღირებულებები და ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის დაბალანსებული მიდგომები", - აღნიშნა დიმიტროვმა.

დიმიტროვმა ზურაბ ჟვანიას შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ჟვანია იმსახურებს, მისი სახელი მუდმივად გვახსოვდეს.

"მე მქონდა პატივი და პირადად ვიცნობდი ამ ადამიანს. ეს იყო ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი, რომელმაც აიღო პასუხისმგებლობა და საქართველო დააყენა ევროპულ გზაზე. ის იმსახურებს მისი სახელი მუდამ გვახსოვდეს", - აღნიშნა დიმიტროვმა.

კონფერენცია "აღმოსავლეთ პარტნიორობა - გზა ვილნიუსის სამიტის შემდეგ" დღეს გაიხსნა. ის ზურაბ ჟვანიას 50 წლის იუბილეს ეძღვნება.

კომენტარები