ნელსონ მანდელა

ნელსონ მანდელას გამოსამშვიდობებელ ცერემონიალს მსოფლიო ლიდერები დაესწრებიან

CNN

ნელსონ მანდელას გამოსამშვიდობებელ ცერემონიალზე მსოფლიო ლიდერები ჩავლენ. სამხრეთ აფრიკაში მანდელას დაკრძალვას 60 ქვეყნის პირველი პირი დაესწრება, მათ შორის არიან ბარაკ ობამა, ფრანსუა ოლანდი და დევიდ კამერონი. ასევე, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

სამხრეთ აფრიკის პარლამენტი კი, დღეს ნელსონ მანდელას ხსოვნის პატივსაცემად შეიკრიბება. ქვეყნის ექსპრეზიდენტის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება. მანდელას მშობლიურ სოფელში 15 დეკემბერს დაკრძალავენ.

ნელსონ მანდელამ თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი პატიმრობაში გაატარა. ის სრულიად ახალგაზრდა სათავეში ჩაუდგა იატაკქვეშა წინააღმდეგობის მოძრაობას. მოძრაობა უპირისპირდებოდა აპარტეიდის მკაცრ კანონებს, რომლის მიხედვითაც სამხრეთ აფრიკაში პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებას თეთრკანიანები სრულად აკონტროლებდნენ, ხოლო ფერადკანიან მოქალაქეებს განათლების და მუშაობის უფლება არ ჰქონდათ.

მანდელა სამხრეთ აფრიკაში რასობრივი დისკრიმინაციის დასრულების სიმბოლოა. ის ქვეყნის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი იყო.

კომენტარები