საქსტატი

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2013 წლის მესამე კვარტალში გაიზარდა

2013 წლის მესამე კვარტალში საქართველოში 239 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. მეორე კვარტალთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 3%-ით გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) თავის ვებგვერდზე აქვეყნებს.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2013 წლის მესამე კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში 20%-ით უფრო მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. თუმცა მანამდე 2012 წლის მეორე და მესამე კვარტლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად შემცირდა: 2012 წლის მესამე კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ინვესტიციებმა 38.5%-ით დაიკლო, ხოლო 2012 წლის მეორე კვარტალთან შედარებით კი - 11%-ით. საქსტატის მონაცემებით, გლობალური ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისის პიკის შემდეგ, 2012 წლის მესამე და მეოთხე კვარტლებში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე მცირე მოცულობა შემოვიდა.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2013 წლის მესამე კვარტალში საქართველოში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია - მთლიანი მოცულობის 20% საერთაშორისო ორგანიზაციებიდან შემოვიდა. ინვესტიციების მოცულობით მეორე ადგილზე აშშ-ია - მთელი მოცულობის 15%-ით.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2013 წლის მესამე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ყველაზე მიმზიდველი საფინანსო და კავშირგაბმულობისა და ტრანსპორტის სექტორები იყო: საფინანსო სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 20% ჩაიდო. ამდენივე მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მიიღო ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორმაც. 

კომენტარები