დიდთოვლობა

დიდთოვლობას ხელვაჩაურში მსხვერპლი მოჰყვა

დიდთოვლობას ხელვაჩაურის რაიონში მსხვერპლი მოჰყვა. სოფელ სალიბაურში სასათბურე მეურნეობის კონსტრუქცია ჩამოიშალა და სათბურის თანამშრომლები მოიყოლა.

არსებული ინფორმაციით, გარდაიცვალა ორი ქალბატონი, 10 კი დაშავდა. დაშავებულთა შორის 5 მძიმე მდგომარეობაშია. ისინი ბათუმის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე სამართალდამცავი სტრუქტურები მუშაობენ. მომხდარს აჭარის შს მთავარი სამმართველო იძიებს.

შეგახსენებთ, რომ დიდთოვლობის გამო, 155 000 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ამასთან, თოვლის დნობის შედეგად წარმოქმნილი წყლით დაიტბორა ქუჩები ბათუმში. ძლიერმა ქარმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და მოგლიჯა ხეები. სტიქიის გამო ბათუმის რამდენიმე საბავშვო ბაღს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია. 

უამინდობის გამო ნაქერალასა და რიკოთის უღელტეხილზე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტომობილების მოძრაობა. სხვა სახის ტრანსპორტისთვის კი გადაადგილება ნებადართულია. ძლიერი თოვლისა და ყინვის გამო, მოძრაობა შეფერხებულია მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო მონაკვეთზეც. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ყველა პრობლემურ ადგილზე შესაბამისი ტექნიკაა მობილიზებული და გზები ინტენსიურად იწმინდება.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, ხვალ საქართველოში თოვლის ნალექი შემცირდება, თუმცა 11 დეკემბრიდან ქვეყანაში ამინდი კვლავ გაუარესდება. ყინვები 17 დეკემბრამდე გასტანს.

კომენტარები