რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი

შვედეთის სამხედრო რადიოელექტრონული დაზვერვა: აგვისტოს ომი რუსეთმა დაიწყო

sverigesradio.se

1954 წელს შვედეთმა, აშშ-თან და სხვა ქვეყნებთან დაზვერვის გასაიდუმლოებულ დოკუმენტს მოაწერა ხელი, 2008 წელს საქართველოს ომი იწინასწარმეტყველა და ახლა რუსეთის სამოქალაქო ობიექტებს რეგულარულად უთვალთვალებს - ამის შესახებ ედვარდ სნოუდენის მიერ მოპოვებულ დოკუმენტებშია საუბარი.

აშშ-ის დაზვერვის კონტრაქტორმა ედუარდ სნოუდენმა ამერიკული დაზვერვის ორი საიდუმლო პროგრამა გაასაჯაროვა, რომლებიც ინტერნეტითა და კავშირგაბმულობის სხვა საშუალებებით მოქალაქეების პირადი ინფორმაციის მოპოვებას და მათზე თვალთვალს ითვალისწინებდა.

შვედეთმა გასაიდუმლოებულ დოკუმენტს ხელი 1954 წელს მოაწერა, რომლის მიხედვითაც, სკანდინავიურ სახელმწიფოს აშშ-თან, ახალ ზელანდიასთან, ავსტრალიასთან, დიდ ბრიტანეთთან და კანადასთან დაზვერვის ინფორმაციის გაცვლასა და გაზიარებას დათანხმდა. დოკუმენტი 2004 წელს ახალი, ორმხრივი შეთანხმებით ჩანაცვლდა, რომლის თანახმადაც, შვედეთის სახელმწიფო თავდაცვის რადიოელექტრონული დაზვერვის სამსახურმა (FRA) აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის დაზვერვასთან ურთიერთობა გააღრმავა.

სნოუდენის მიერ მოპოვებული მასალების მიხედვით, FRA-მ აშშ-ის დაზვერვას შვედეთის საკაბელო კომუნიკაციაზე წვდომის უფლება მისცა, ასევე ”რუსეთის მაღალი რანგის პირებზე უნიკალური ინფორმაცია მიაწოდა”.

ერთ-ერთ დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ შვედეთმა 2008 წლის საქართველო-რუსეთის კონფლიქტი იწინასწარმეტყველა, ის რაც აშშ-მა ვერ შეძლო.  

”ჩვენ ვხედავდით როგორ ამზადებდა რუსეთი სამხედრო დანაყოფებს, შემდეგ კი ყველაფერი მიწყნარდა. ეს ნიშნავდა, რომ ყველაფერი უკვე ადგილზე იყო და რუსეთი საბოლოო დარტყმისთვის სრულ მზადყოფნაში იყო” - განაცხადა ანონიმურმა პირმა Svenska Dagbladet-თან საუბარში.

რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე შვედეთის დაზვერვის ინფორმაცია, Wikileaks-ის მიერ 2010 წელს გამოქვეყნებული საიდუმლო დიპლომატიურ დოკუმენტებში აშშ-ის ყოფილი ელჩის ჯონ ტეფტის მოხსენებებს ეთანხმება. ტეფტი აშშ-ის მთავრობასთან კონფიდენციალურ დიპლომატიურ წერილებში წერდა, რომ ქართულ მხარეს აგვისტოს ომი განზრახული არ ჰქონდა და კრემლის მიზანი სააკაშვილის გადაყენება იყო.

2008 წლის 20 აგვისტოს აშშ-ის ელჩი ჯონ ტეფტი წერს: "კრემლის მიზანი სააკაშვილის გადაყენება, საქართველოს ევროატლანტიკური სივრცისკენ სწრაფვის შემობრუნება, მისი რუსეთის დაქვემდებარებაში დაბრუნება და ხელისუფლების პროვოკაციაზე წამოგება იყო, რაც საქართველოს დასავლეთთან დააშორებდა... რუსეთი გრადის ჭურვებითა და სხვა ტიპის სამხედრო შეიარაღებით ამარაგებდა სეპარატისტებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, და  საიდუმლო ოპერაციებს ახორციელებდა, რათა "აეფეთქებინა" საქართველო 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს. რუსეთის მტრული მოქმედებები საქართველოს წინააღმდეგ მოიცავდა სარაკეტო დარტყმებს, მკვლელობებს და სხვადასხვა უფრო მცირე ქმედებებს".

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ FRA აშშ-ის დაზვერვას რუსეთის მაღალჩინოსნებზე ინფორმაციას აწვდიდა, რომელსაც აშშ-ის დაზვერვა უნიკალურს უწოდებდა. საიდუმლო დოკუმენტებში შვედეთის დაზვერვა აშშ-ის უმთავრეს დასაყრდენადაა მოხსენიებული, რომელიც არამხოლოდ პოლიტიკოსებზე ინფორმაციას უზიარებდა პარტნიორ ქვეყანას. აშშ ინფორმაციას იღებდა რუსეთის ენერგოსექტორზე, სამოქალაქო სექტორზე, პოლიტიკოსებზე. დოკუმენტში საუბარია იმაზეც, რომ შვედეთის დაზვერვა აშშ-ისთვის მნიშვნელოვან ამბებს ქვეყნის დაზვერვისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციაში ცვლიდა.

დაზვერვის ანალიტიკოსის ვილჰელმ აგრელის აზრით, შვედეთის ქმედებების არაკანონიერებაზე საუბარი რთულია.

”რთულია თქვა, სად გადის ზღვარი კანონსა და უკანონობას შორის. ასევე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ის ინფორმაცია, რომელსაც ქვეყნები ერთმანეთს აწვდიდნენ”, - ამბობს აგრელი და დასძენს, რომ რეგულაციებზე მეტად, ეს საკითხი პოლიტიკური კონტექსტისაა. ნებისმიერი ქვეყანა იღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მისი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის უკეთესია.

FRA-ისა და შვედეთის მთავრობის განცხადებით, ქვეყნის კანონმდებლობა იძლევა იმის საშუალებას, რომ შვედეთმა სხვა სახელმწიფოებთან მსგავსი თანამშრომლობა აწარმოოს.

 

კომენტარები