ციხის მაყურებლები

სუბარი: სამწუხაროდ, სახალხო დამცველი აკაკი მინაშვილის გავლენის ქვეშ მოექცა

სოზარ სუბარი

სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის თქმით, სამწუხაროა, რომ სახალხო დამცველი აკაკი მინაშვილის გავლენის ქვეშ მოექცა. ამ განცხადებით სუბარი უჩა ნანუაშვილის დღევანდელ ანგარიშს გამოეხმაურა, რომელშიც ომბუდსმენი ამბობს, რომ საპატიმროებში ე.წ. მაყურებლები გაძლიერდნენ.

"უჩა ნანუაშვილი ვერც დაასახელებს ვერცერთ ფაქტს, რომ დღეს უფრო ძლიერი იყოს ე.წ. მაყურებლის ინსტიტუტი. პირიქით, ყველა გავლენიანი, თუ ვინმე ქურდული სამყაროს წევრი იყო, არის გადაკეტილი. ეს ინსტიტუტი ძლიერი იყო, როცა მათთან თანამშრომლობდა ადმინისტრაციული ხელისუფლება. ისინი მაყურებლებს იყენებდნენ სხვა პატიმრების დასასჯელად და უჩა ნანუაშვილი როცა ფაქტების გარეშე ლაპარაკობს, არის სამწუხარო. იგი აკაკი მინაშვილის ცრუ განცხადებების ქვეშ არ უნდა მოექცეს. თუ აქვს ფაქტები, მოიტანოს და დავუმტკიცებთ, რომ ასე არ არის", - განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ სახალხო დამცველმა სხვა პრობლემა ვერ მონახა.

"ომბუდსმენი კონკრეტული პირების გავლენის ქვეშ მოექცა. ეს არ ამართლებს მის განცხადებებს. უჩა ნანუაშვილი კარგი პიროვნებაა, კარგი სახალხო დამცველია, მაგრამ, რასაც დღეს ის ლაპარაკობს, არ არის დასაბუთებული", - განაცხადა მინისტრმა.

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის ინფორმაციით, პენიტენციარულ სისტემაში ე.წ. მაყურებლების როლი გაზრდილია. აღნიშნულ საკითხს ნანუაშვილი ქვეყანაში არსებულ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ასახელებს. დღეს მან სახალხო დამცველის ანგარიში წარმოადგინა.

"ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა, კერძოდ, ე.წ. მაყურებლების როლის გაზრდა, ასევე სამედიცინო მომსახურება და ორი პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებები. ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო მისი კონტროლის ქვეშ მყოფ პირთა სიცოცხლისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლების ეფექტური დაცვა", - თქვა ნანუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 10 ოქტომბერს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი მინაშვილმა ე.წ. მაყურებლებისა და ავტორიტეტების მხრიდან #17 საპყრობილეში სიტუაციის კონტროლის შესახებ ისაუბრა. მინაშვილმა კონკრეტული გვარებიც დაასახელა.

"პირველ რიგში, მთავარი ხელმძღვანელი ამ სისტემის არის კანონიერი ქურდი ვინმე გერლიანი. ასევე არის რამოდენიმე მაყურებელი, რომლებიც დაყოფილი არიან ზონების მიხედვით. მაგალითად, ერთი არის ვინმე ასლანიანი, გერლიანის მარჯვენა ხელი. ასევე, მაგალითად, პირველი ზონის მაყურებელი ვინმე ზარნაძეა, ასევე ზონის მაყურებელი ვინმე მანაშვილი, ახალი ზონის მაყურებლები ვინმე ტერტერაშვილი და ფირცხალავა. სამედიცინო ნაწილის ანუ ე.წ. ბალნიჩკის მაყურებელი ვინმე ყურაშვილი", - თქვა მინაშვილმა.

კომენტარები