თავშესაფარი მიუსაფართათვის

პრემიერის გადაწყვეტილებით, რამდენიმე დროებითი თავშესაფარი მოეწყობა

facebook.com/GaribashviliOfficial

პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, ზამთრის პერიოდში მიუსაფართა პრობლემების მოგვარებაზე საგანგებოდ შექმნილი ჯგუფი იზრუნებს. ინფორმაციას პრემიერმინისტრის აპარატი ავრცელებს.

"პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, შეიქმნა საგანგებო უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელსაც უსახლკარო მოქალაქეთათვის რამდენიმე დროებითი თავშესაფრის უმოკლეს ვადაში მოწყობა დაევალა. ჯგუფს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია უხელმძღვანელებს. მის შემადგენლობაში შედიან საქართველოს ენერგეტიკის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ფინანსთა სამინისტროების ხელმძღვანელი პირები. უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის საქმიანობას პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პირადად გაუწევს მეთვალყურეობას. საქართველოს მთავრობა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე შეუდგა სოციალურად დაუცველთა და მიუსაფართა პრობლემის კომპლექსური გადაჭრის გზების შემუშავებას. თუმცა, ამინდის გაუარესებისა და ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის გამო, პრემიერმინისტრმა საგანგებო უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფს მოქალაქეებისთვის გადაუდებელი პრობლემების სასწრაფოდ მოგვარება დაავალა", - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ უსახლკაროთათვის დროებითი თავშესაფრის მოწყობას ორგანიზაცია იდენტობა აპირებდა. მას საქართველოს საპატრიარქო შეეწინააღმდეგა. ამის შემდეგ, ძალადობის საფრთხის გამო, იდენტობამ თავშესაფრის გახსნა დროებით გადაიფიქრა.

ბოლო დღეებში ცნობილი გახდა, რომ სიცივისგან ორი უსახლკარო გარდაიცვალა.

კომენტარები