ტაბულას გადამღები ჯგუფი უკრაინაში

ტაბულას ჟურნალისტს საქართველოს საელჩოდან დაუკავშირდნენ

მას შემდეგ, რაც ტაბულას გადამღებ ჯგუფს უკრაინის უშიშროების და საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლებმა ქვეყნის დატოვება მასობრივ არეულობებში მონაწილეობის საბაბით მოთხოვეს, უკრაინაში ტაბულას ჟურნალისტს დიმიტრი ავალიანს საქართველოს საელჩოდან დაუკავშირდნენ.

უკრაინაში საქართველოს კონსულის, კონსტანტინე საბიაშვილის თქმით, ტაბულას ჟურნალისტს უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს.

"ინფორმაციის მიღებისთანავე საელჩო აქტიურად ჩაერთო საკითხის გარკვევაში. გაირკვა, რომ ადამიანები, რომლებიც შეხვდნენ დიმიტრი ავალიანს, ამბობენ, რომ მათ მხოლოდ რეკომენდაცია მისცეს, დაეტოვებინათ ქვეყანა მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შესაძლო პროვოკაციებიდან გამომდინარე. ამასთან, ქვეყნის იძულებით დატოვებასთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა. ჩვენ ბატონ დიმიტრი ავალიანს ვეკონტაქტებით, მას ნებისმიერ დროს შეუძლია მოგვმართოს მე და ბატონ ელჩს და ჩვენ მას გავუწევთ დახმარებას", - განუცხადა ტაბულას კონსტანტინე საბიაშვილმა.

ამ განცხადებამდე ტაბულას დირექტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა საჯაროდ მიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს და აღნიშნულ ინციდენტზე რეაგირება და პრინციპული პოზიციის დაკავება მოთხოვა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ტაბულას გადამღებ ჯგუფს უკრაინის უშიშროების და საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლებმა ქვეყნის დატოვება მოთხოვეს. როგორც ტაბულას ჟურნალისტი კიევიდან იტყობინება, მათ ზეპირი ფორმით აუხსნეს, რომ ქვეყანა ერთი დღის განმავლობაში უნდა დატოვონ და მასობრივ არეულობებში მონაწილეობის საბაბით უკრაინაში შესვლა ეკრძალებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, უშიშროების სამსახურის თანამშრომლები ჟურნალისტებს ქვეყნიდან დეპორტაციით  დაემუქრნენ. ტაბულას ჟურნალისტმა დიმიტრი ავალიანმა უშიშროების და საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლებთან საუბარი ტელეფონზე ჩაწერა:

- რა მიზნით იმყოფებით აქ?

- ჟურნალისტურ საქმიანობას ვეწევი.

- რომელი არხიდან ხართ?

- ტელეკომპანია ტაბულადან

- თუ გაქვთ ოფიციალური დოკუმენტები იმისთვის, რომ უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფებოდეთ და აქ ჟურნალისტურ საქმიანობას აწარმოებდეთ?

- მხოლოდ სახალხო წინააღმდეგობის შტაბის აკრედიტაცია  მაქვს.

- ავალიანი დიმიტრი, 10 რიცხვიდან თქვენთვის უკრაინის ტერიტორია დახურულია.

- დღევანდელი რიცხვიდან?

- დიახ. უკრაინის ტერიტორიაზე შემოსვლას ვერ შეძლებთ.

- თქვენ მონაწილეობთ მაიდანზე მიმდინარე და სხვა მსგავს აქციებში, რაც შეიძლება განვიხილოთ როგორც დახმარება არეულობის მოწყობაში, ორგანიზებაში. ჩათვალეთ, რომ თხოვნაა და თუ ნებაყოფლობით არ დატოვებთ უკრაინის ტერიტორიას, მოგიწევთ.

- დეპორტი?

- დიახ

- და მაძლევთ ვადას, რომ დავტოვო უკრაინის ტერიტორია?

- რაც შეიძლება სწრაფად, სასურველია, უმოკლეს ვადაში დატოვოთ ქვეყანა.  

ტაბულას გადამღები ჯგუფი უკრაინის ტერიტორიის დატოვებას არ აპირებს და ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გაშუქებას აგრძელებს. 

კომენტარები