ტაბულას გადამღები ჯგუფი უკრაინაში

უკრაინის უშიშროების სამსახურში არ იციან, ვინ დაემუქრა ჟურნალისტებს დეპორტაციით

უკრაინის უშიშროების სამსახურში არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ მოთხოვა ქართველ ჟურნალისტებს უკრაინის ტერიტორიის დატოვება მასობრივ არეულობაში მონაწილეობის საბაბით. ამის შესახებ უკრაინულ საინფორმაციო სააგენტოს unian.net-ს უშიშროების პრესსამსახურში განუცხადეს.

"ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას თუ ვინ მივიდა ამ ადამიანებთან და რის შესახებ ისაუბრეს", - განუცხადეს unian.net-ს პრესცენტრში.

სანამ უკრაინულ მედიაში უშიშროების პრესცენტრის კომენტარი გავრცელდებოდა, საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლაი ტომენკომ განაცხადა, რომ აუცილებლად მიმართავდა უკრაინის უშიშროების სამსახურს და ქართველი ჟურნალისტების შესაძლო დეპორტაციის მიზეზების ახსნას მოთხოვდა.

ტომენკოს თქმით, "მას შემდეგ, რაც ევრომაიდანის დარბევის შემდეგ 50-მდე უკრაინელი და უცხოელი ჟურნალისტი დაზარალდა, ხელისუფლება კატასტროფულად უფრთხის ობიექტური ინფორმაციის გავრცელებას იმის შესახებ, თუ რა ხდება სინამდვილეში უკრაინაში და არ სურს, ამის შესახებ საზღვარგარეთ იცოდნენ". 

შეგახსენებთ, რომ დღეს ტაბულას გადამღებ ჯგუფს უკრაინის უშიშროების და საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლებმა ქვეყნის დატოვება მოთხოვეს. როგორც ტაბულას ჟურნალისტი კიევიდან იტყობინება, მათ ზეპირი ფორმით აუხსნეს, რომ ქვეყანა ერთი დღის განმავლობაში უნდა დატოვონ და მასობრივ არეულობებში მონაწილეობის საბაბით უკრაინაში შესვლა ეკრძალებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, უშიშროების სამსახურის თანამშრომლები ჟურნალისტებს ქვეყნიდან დეპორტაციით  დაემუქრნენ. 

კომენტარები