პროტესტი კიევში

ბერკუტი ევრომაიდანის დარბევის შემდეგ მერიასთანაა მობილიზებული

სპეცრაზმი კიევის მერიასთან

ბერკუტმა ევრომაიდანზე ბარიკადების აღების შემდეგ საპროტესტო აქციის მონაწილეებს უკვე კიევის მერიასთან შეუტია. ამ წუთებში სპეცრაზმი მობილიზებულია მერიის შენობასთან, სადაც რამდენიმე დღეა ოპოზიციონერი აქტივისტები არიან გამაგრებული. ისინი აცხადებენ, რომ სპეცრაზმს წინააღმდეგობას ბოლომდე გაუწევენ.

Kyiv Post წერს, რომ მერიის შენობასთან სპეცრაზმი სამი ავტობუსითაა მისული, შენობის გარეთ კი 2 ათასამდე ადამიანია შეკრებილი, რომლებიც სკანდირებენ: სირცხვილი! სირცხვილი!

მერიის შენობაში გამაგრებული აქტივისტები სპეცრაზმელებს შენობიდან ცივი წყალს ასხამენ. სპეცრაზმელებით სავსე ორმა ავტობუსმა სცადა მერიის შენობასთან მისვლა იქ მყოფი სპეცრაზმელების პოზიციების გასამაგრებლად, თუმცა, ხალხმა მათ ამის საშუალება არ მისცა. მერის შენობასთან ერთ-ერთმა აქტივისტმა კვამლის გამშვები ყუმბარა ააფეთქა.

აქტივისტები სპეცრაზმის შეტევას ელოდებიან სავაჭრო კავშირის შენობაში. შენობაში შეჭრილ ოპოზიციონერებს მომარაგებული აქვთ ჯოხები, ჩაფხუტები და მცენარეული ზეთი სპეცრაზმის შესაკავებლად.

ევრომაიდანზე გვიან ღამით დაწყებული შტურმის შედეგად, სამართალდამცავებმა 10 ადამიანამდე დააკავეს და აიღეს ბარიკადები. არსებული ინფორმაციით, მათ არ გამოუყენებიათ ხელკეტები, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები.

მიუხედავად სამართალდამცავთა შეტევისა, ევრომაიდანზე მთელი ღამის განმავლობაში რამდენიმე ათასი ადამიანი იმყოფებოდა.

უკრაინული მედიის ცნობთ, დაკეტილია ცენტრალური მეტროსადგურები და ევრომაიდანთან მისასვლელი გზების უმრავლესობა.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცენტრალური ქუჩების გაწმენდის დროს წუხელ 10 პოლიციელი დაშავდა. როგორც შსს აცხადებს, ისინი ასრულებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც კიევის ცენტრი და ქუჩები უნდა გაიხსნას.

კომენტარები