ენერგეტიკული პროექტები

თურქეთთან დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზი და ქვესადგური ახალციხე გაიხსნა

facebook.com/GaribashviliOfficial

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიაში თურქეთთან დამაკავშირებელი 400 კმ ელექტროგადამცემი ხაზი და ახალციხის ქვესადგური გაიხსნა. პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტის განხორციელებას საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. პრემიერის შეფასებით, მნიშვნელოვანი დღეა მთელი რეგიონისთვის, რადგან ახალციხის ქვესადგური შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტის ნაწილია. მისი თქმით, პროექტი მთელი რეგიონის ენერგეტიკულ განვითარებასა და ენერგოუსაფრთხოებას უზრუნველყოფს. 

"პროექტის დაფინანსებაში ევროკავშირთან ერთად ჩართული არიან ისეთი წამყვანი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, როგორიცაა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი. პროექტის დაფინანსებაში თავისი წვლილი შეაქვს საქართველოს მთავრობასაც. ენერგოუსაფრთხოება და ენერგოპოლიტიკა დღეს ძალიან აქტუალური და, ამავე დროს, მწვავე თემებია მთელი მსოფლიოსათვის. დღევანდელ სამყაროში ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისითაც. ამიტომაცაა, რომ საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტის განხორციელებას. ეს უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის ენერგოსისტემის გამართული მუშაობისათვის, ჩვენი ეკონომიკის სტიმულირებისა და აღმავლობისთვის. საბოლოოდ, პროექტის განხორციელებით უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს ენერგოსისტემის მდგრადი მუშაობა და სამხრეთ საქართველოს რეგიონის ელექტროენერგიით მომარაგების გაუმჯობესება", - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ზაფხულში, როდესაც საქართველოსა და თურქეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელი მშენებარე ხაზი დასრულდება, საქართველოს ელექტროენერგიის თურქეთში ექსპორტის განხორციელების შესაძლებლობა მიეცემა. პრემიერის თქმითვე, მნიშვნელოვნად შემცირდება ელექტროენერგიის კარგვა.

"დანერგილი უახლესი ტექნოლოგიები საქართველოს ენერგოსისტემას საშუალებას მისცემს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განახორციელოს ელექტროენერგიის ექსპორტ-იმპორტი და ტრანზიტი როგორც თურქეთში, ისე - ევროპის სხვა ქვეყნებში. შეგვიძლია სიამაყით ვთქვათ ისიც, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა კავკასიის რეგიონში, სადაც მუდმივი დენის ჩანართი დამონტაჟდა. მსოფლიოში სულ თითზე ჩამოსათვლელია ენერგოსისტემები, სადაც ანალოგიური ტიპის ჩანართები გამოიყენება", - განაცხადა პრემიერმა.

გახსნას საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის მთავრობის წარმომადგენლები, გერმანიის ელჩი საქართველოში, EBRD-ის წარმომადგენელი, KFW – დირექტორი, საქართველოს ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალციხის ქვესადგური არის შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტის ნაწილი, რომელიც სს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა” და მისი შვილობილი კომპანიის “ენერგოტრანსის” მიერ განხორციელდა. საქართველო პირველი ქვეყანაა კავკასიის რეგიონში, სადაც მუდმივი დენის ჩანართი დამონტაჟდა.

კომენტარები