პროტესტი უკრაინაში

სპეცრაზმმა კიევის ცენტრი და მერიის მიმდებარე ტერიტორია დატოვა

უკრაინელმა სამართალდამცავებმა ევრომაიდანზე რამდენიმესაათაინი შეტევის შემდეგ კიევის ცენტრი და მერიის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს.

როგორც ტაბულას რეპორტიორი კიევიდან იტყობინება, მაიდანსა და მიმდებარე ქუჩებზე ოპოზიციონერმა აქტივისტებმა ხელახლა დაიწყეს ბარიკადების აგება და კარვების გაშლა. საპროტესტო აქციაზე კი ადამიანთა რაოდენობა ყოველ წუთს იზრდება. 

გვიან ღამით ევრომაიდანზე კარვებისა და ბარიკადების დაშლის შემდეგ, სპეცრაზმელებმა დღეს დილით მერიაზე შტურმი სცადეს, თუმცა, შემდეგ უკან დაიხიეს. მერიის შენობაში გამაგრებული აქტივისტები სპეცრაზმელებს შენობიდან ცივი წყალს ასხამდნენ.

აქტივისტები სპეცრაზმის შეტევას ელოდებოდნენ სავაჭრო კავშირის შენობაში. შენობაში შეჭრილ ოპოზიციონერებს მომარაგებული აქვთ ჯოხები, ჩაფხუტები და მცენარეული ზეთი სპეცრაზმის შესაკავებლად.

ევრომაიდანზე გვიან ღამით დაწყებული შტურმის შედეგად, სამართალდამცავებმა 10 ადამიანამდე დააკავეს და აიღეს ბარიკადები. არსებული ინფორმაციით, მათ არ გამოუყენებიათ ხელკეტები, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები.

მიუხედავად სამართალდამცავთა შეტევისა, ევრომაიდანზე მთელი ღამის განმავლობაში რამდენიმე ათასი ადამიანი იმყოფებოდა.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცენტრალური ქუჩების გაწმენდის დროს წუხელ 10 პოლიციელი დაშავდა. როგორც შსს აცხადებს, ისინი ასრულებდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც კიევის ცენტრი და ქუჩები უნდა გაიხსნას.

კომენტარები