ლევან კორტავას საქმე

ლევან კორტავას საქმეზე ბრალი კიდევ ორ პირს წარედგინა

www.ambebi.ge

მსჯავრდებულ ლევან კორტავას გარდაცვალების საქმეზე, პროკურატურამ ბრალი კიდევ ორ პირს - ნუგზარ ბუჩუაძესა და შოთა სინაურიძეს წაუყენა. პროკურატურის ინფორმაციით, ნუგზარ ბუჩუაძეს ბრალად ედება ქურდული სამყაროს წევრობა და ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა და 117-ე მუხლით მიმდინარეობს.

შოთა სინაურიძეს კი, ბრალად ედება ქურდული სამყაროს წევრობა, ცემა და ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა, 125-ე და 117-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10-დან 13 წლამდე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პროკურატურამ ლევან კორტავას საქმეზე ბრალი სამ პირს - გელა უშხვანს, სოლომონ დაშნიანსა და თეიმურაზ გურეშიძეს წარუდგინა. ასევე, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცნენ სად-ის N14 დაწესებულების დირექტორი მალხაზ სინაურიძე, დირექტორის მოადგილე ივერი გოგიბერიძე, უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორები ილია შანშაშვილი და თენგიზ ნასარეია, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორი ალექსანდრე ბაბუნაშვილი და სოციალური მუშაკი გიგა კოხოძე, ასევე მსჯავრდებული გიორგი შემაზაშვილი.

"პროკურატურა კვლავ აგრძელებს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების განხორციელებას და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე პერიოდულად გაავრცელებს ინფორმაციას", - აცხადებს უწყება.

2013 წლის 12 მაისს მსჯავრდებული ლევან კორტავა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის #6 დაწესებულებიდან გეგუთის #14 დაწესებულებაში გადაიყვანეს. ციხეში მასსა და უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორ ილია შანშაშვილს შორის ფსიქოტროპული პრეპარატების გაცემასთან დაკავშირებით შელაპარაკება მოხდა. შანშაშვილმა კონფლიქტური სიტუაციის გარკვევა მსჯავრდებულ შოთა სინაურიძეს დაავალა. კორტავა მასზე განხორციელებული ძალადობის შედეგად, ქალა-ტვინის დახურული ტრავმის შემდეგ განვითარებული შეშუპებისა და დარბილების გამო 23 მაისს გარდაიცვალა.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავდაპირველი ვერსიის თანახმად, ლევან კორტავას გარდაცვალება კიბიდან გადმოვარდნამ გამოიწვია.

კომენტარები