თავშესაფარი მიუსაფართათვის

ნარმანია: მიუსაფართა დროებითი თავშესაფარი ძირითადად, კარვები იქნება

დავით ნარმანია
RFE/RL

მიუსაფართა პრობლემების მოგვარებაზე მომუშავე უწყებათაშორისი ჯგუფის გადაწყვეტილებით, მიუსაფართა დროებითი თავშესაფარი, ძირითადად, კარვები იქნება. როგორც ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, უახლოეს საათებში გადაწყდება თუ სად დაიდგმება კარვები. ნარმანიას ინფორმაციით, კარვები 20-კაციანი იქნება და მათ მიწოდებას თავდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს.

„შეხვედრაზე ვიმსჯელეთ ყველა კონკრეტულ საორგანიზაციო საკითხზე. არის რამდენიმე ტერიტორია და უახლოეს საათებში, ერთ რომელიმე კონკრეტულ ტერიტორიას ავიღებთ. მეორე მხრივ, ძირითადი განთავსების ადგილები იქნება კარვები, სადაც მოეწყობა შესაბამისი პირობები უსახლკარო ადამიანებისთვის. ძირითადი საყოფაცხოვრებო პირობები მოწესრიგებული იქნება. კარვები გათბობითა და კვებით იქნება უზრუნველყოფილი. რაოდენობასა და კონკრეტულ დეტალებთან დაკავშირებით, ინფორმაციას ძირითადი საორგანიზაციო საკითხების დასრულებისთანავე გავავრცელებთ“, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

რაც შეეხება რეგიონებს, ნარმანიას თქმით, ბათუმში, ბათუმის მერია იზრუნებს აღნიშნულ საკითხზე, ხოლო ქუთაისიდან და რუსთავიდან ამ დროისათვის სამუშაო ჯგუფი ინფორმაციას ელოდება.

ამინდის გაუარესებისა და ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის გამო, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ შექმნა და მას მიუსაფარი მოქალაქეებისთვის გადაუდებელი პრობლემების სასწრაფოდ მოგვარება დაავალა. ჯგუფს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია ხელმძღვანელობს. მის შემადგენლობაში შედიან საქართველოს ენერგეტიკის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ფინანსთა სამინისტროების ხელმძღვანელი პირები. როგორც გუშინდელი შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, ჯგუფის მუშაობაში, ასევე, ჩაერთვებიან შსს, თავდაცვის სამინისტრო და თბილისის მერია.

კომენტარები