დიდთოვლობა

ენერგო-პრო ჯორჯია: წლების განმავლობაში ამდენი დაზიანება ერთდროულად არ მომხდარა

ენერგო-პრო ჯორჯიას ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ამინდის მკვეთრი გაუარესების შედეგად, მაღალი ძაბვის გადამცემი 21 ხაზი დაზიანდა. კომპანიის განცხადებით, წლების განმავლობაში ამდენი დაზიანება მაღალი ძაბვის მხარეს ერთდროულად არ მომხდარა.

"ამის მიზეზი უამინდობაა, რომელიც დასავლეთ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ერთდროულად დაიწყო. მკაცრი კლიმატის პირობებში, ძლიერმა ქარმა, თოვლმა და ყინვამ მწყობრიდან გამოიყვანა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები, რასაც მოჰყვა აბონენტებისთვის დენის მიწოდების შეწყვეტა. კლიმატური პირობების გათვალისწინებით, ენერგო-პრო ჯორჯიას ტექნიკური სამსახური მუშაობს 24-საათიან საგანგებო რეჟიმში; მობილიზებულია ბრიგადები, რომლებიც დაზიანების შესახებ შეტყობინების მიღების თანავე გადიან ადგილებში აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად. კომპანიამ მობილიზაცია გაუკეთა დამატებით ბრიგადებსაც, რომლებმაც აღმოსავლეთიდან გადაინაცვლეს დასავლეთ საქართველოში ქსელის აღდგენითი სამუშაოების ოპერატიულად წარმართვის მიზნით. ენერგო-პრო ჯორჯია მყისიერ რეაგირებას ახდენს, რათა კომპანიის აბონენტებისთვის დროულად მოხერხდეს ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა. ენერგო-პრო ჯორჯიას მენეჯერები ადგილზე აკვირდებიან და აკონტროლებენ ქსელის აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობას. ისინი განაწილებულები არიან კომპანიის ბათუმის, ზუგდიდის, ქუთაისის ოფისებში და კოორდინირებას უწევენ ტექნიკურ ბრიგადებს. უამინდობის მიუხედავად, რომელიც აფერხებს სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას, ენერგო-პრო ჯორჯიას ტექნიკური ბრიგადები განაგრძობენ დაზიანების ადგილებში მუშაობას, რომ დროულად მოხდეს დაზიანების ლოკალიზაცია და აბონენტებისთვის დენის მიწოდების აღდგენა", - აცხადებს კომპანია.

შეგახსენებთ, რომ დიდთოვლობის გამო, რამდენიმე დღეა, ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება რეგიონებს. გათიშული იყო 155 000 აბონენტი. ამჯერად, დენი არ აქვს ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა 8%-ს.

კომენტარები