საკადრო ცვლილებები პროკურატურაში

საია: პროკურატურის მაღალჩინოსნები თანამდებობიდან გაათავისუფლეს

საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, მთავარ პროკურორად ოთარ ფარცხალაძის დანიშვნის შემდეგ, პროკურატურის რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორც საია-ს დირექტორმა კახა კოჟორიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე თქვა, დაზარალებულებმა არასამთავრობო ორგანიზაციას თავად მიმართეს. კოჟორიძის თქმით, ისინი ამბობენ, რომ გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვეს.

"მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ამ მოთხოვნას ძირითადად მთავარი პროკურორის ახალი მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი აჟღერებდა, რომელიც თანამშრომლებს საკუთარ კაბინეტში იბარებდა და მათგან გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერას ითხოვდა. თუმცა, როგორც მომმართველები აღნიშნავენ, არცერთ მათგანს არ განუმარტავდნენ, თუ რა იყო მსგავსი მოთხოვნის მიზეზი. აღსანიშნავია, რომ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ძირითადად ათავისუფლებენ იმ პირებს, ვინც ყოფილი მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის დროს დაინიშნენ თანამდებობებზე. ცვლილებები შეეხო არა მხოლოდ მთავარი პროკურორის ყველა მოადგილეს, არამედ სხვა თანამდებობის პირებსაც, მაგალითად: გენერალური ინსპექციის უფროსი მადონა ღიბრაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი ლევან გზირიშვილი, საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ხათუნა კალანდაძე, საფინანსო სამმართველოს უფროსი ეკატერინე ებანოიძე, შსს-ს ტერიტორიულ ორგანოებზე საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი კახა წერეთელი და ა.შ. მოწოდებული ინფორმაციით, ცვლილებები ქვედა რგოლებშიც ინტენსიურად ხორციელდება. აღსანიშნავია ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის ლევან ბუაძის შემთხვევა. ჩვენი ინფორმაციით, მას ასევე მოსთხოვეს განცხადების დაწერა, რაზეც უარი განაცხადა. დაძაბულ საუბარს მოჰყვა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, რის შემდეგაც პროკურატურაში გამოიძახეს სასწრაფო დახმარება", - აცხადებს საია.

კახა კოჟორიძის თქმით, საკადრო ცვლილებები პროკურატურაში, ისევე როგორც სხვა უწყებაში, შესაძლებელია განხორციელდეს, თუმცა, ეს მხოლოდ კანონის საფუძველზე უნდა მოხდეს.

"მართალია, პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონი ითვალისწინებს პირადი განცხადების საფუძველზე დათხოვნას, თუმცა, ხაზგასმით გვსურს აღვნიშნოთ, რომ პირადი განცხადება უნდა დაიწეროს მუშაკის საკუთარი ნამდვილი ნების და არა რომელიმე მაღალი თანამდებობის პირის კატეგორიული მოთხოვნების შემდეგ. ამასთან, ზემოაღნიშნული კანონის 35-ე მუხლის თანახმად, "პროკურატურის მუშაკი თავის სამსახურებრივ საქმიანობაში დამოუკიდებელია. იგი არ შეიძლება გადაყენებულ იქნეს ან გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესისა", - აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე.

მისივე თქმით, გასათვალისწინებელია ის რეალობა, რომ ასობით მოქალაქეს შეტანილი აქვს პროკურორების წინააღმდეგ საჩივრები, სადაც აღწერილია ის სავარაუდო კანონდარღვევები, რასაც პროკურატურის თანამშრომელთა მხრიდან წინა წლებში ჰქონდა ადგილი.

"ვფიქრობთ, აუცილებელია აღნიშნულ საჩივართა გულდასმით შესწავლა და თუ დადასტურდა სამართალდარღვევის ნიშნები, ცხადია, შესაძლებელია არათუ თანამდებობიდან გათავისუფლება, არამედ, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაც. თუმცა, როგორც აღინიშნა, მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ძირითადად თავისუფლდებიან ის ადამიანები, ვინც თანამდებობაზე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაინიშნენ და ვის მიმართაც, მაღალი ალბათობით, მსგავსი საჩივრები დაწერილი არ არის. ჩვენ მივმართავთ საქართველოს იუსტიციის მინისტრსა და საქართველოს პრემიერმინისტრს, როგორც მთავარი პროკურორის შერჩევასა და დანიშვნაზე პასუხისმგებელ თანამდებობის პირებს, დაინტერესდნენ პროკურატურაში განვითარებული მოვლენებით", - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მთავარი პროკურორის პოსტზე ოთარ ფარცხალაძე ოფიციალურად 21 ნოემბერს დაინიშნა. იმავე დღეს დაკმაყოფილდა თბილისის პროკურორის მაია მწარიაშვილის განცხადება  თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე, რომლითაც მან არჩილ კბილაშვილს 20 ნოემბერს მიმართა. 

რამდენიმე დღეში, აჭარის საოლქო პროკურორის პოსტზე შოთა ტყეშელაშვილმა ლევან გზირიშვილი შეცვალა.

უმცირესობის წევრის ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, ახალი პრემიერმინისტრი ცდილობს გააკონტროლოს ძალაუფლების ყველა წერტილი, მათ შორის - პროკურატურა. დეპუტატის თქმით, მაღალი ალბათობით, პროკურატურის თანამშრომლებს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის კადრებით ჩაანაცვლებენ, რაც, მისი შეფასებით, არ არის კარგი. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თინა ხიდაშელის შეფასებით კი, პროკურატურაში ცვლილებები ძალიან ბუნებრივი პროცესია.

კომენტარები