ძიუდო

როდესაც წარმატება კანონზომიერია

ირაკლი მაღრაძე
0 კომენტარი

წლის ნაკრები: საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები
წლის ფედერაცია: საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაცია
ინტერვიუ საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილთან

დადგა დეკემბერი, მალე ახალი – 2014 წელი დაიწყება. წლის ბოლო თვეს ყველა იხსენებს, თუ რა მოხდა კარგი და ცუდი დანარჩენი თერთმეტის განმავლობაში. იმედია, ასევე იქცევიან სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, სხვადასხვა სპორტულ ფედერაციებში, რადგან ნებისმიერ სფეროში, განსაკუთრებით კი სპორტში, შეცდომების გაანალიზება და სრულყოფისკენ სწრაფვა წარმატების მიღწევის აუცილებელი ხერხია.

2013-ში იყო ევრობასკეტი. ორი წამყვანი მოთამაშის გარეშე დარჩენილ საქართველოს ნაკრებს, ჩემპიონატზე რაიმე განსაკუთრებული შედეგის მიღწევას ალბათ არავინ სთხოვდა და არც მიუღწევია. იმ პირობებში, როდესაც NBA-ელი ფაჩულიასა და შენგელიას გარეშე თამაშობ და ევრობასკეტზე მხოლოდ მეორედ ხარ, გინდა არ გინდა, ოლიმპიური პრინციპის ერთგულება გიწევს – ამ ეტაპზე ჩვენთვის მთავარი მონაწილეობა იყო. თბილისში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობაში, იმავე სპორტის სასახლემ უეფას ფუტსალის ოთხთა ფინალს უმასპინძლა, გულშემატკივარი განებივრებული იყო ფეხბურთში ასაკობრივი ნაკრებების ტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპების ქართული ტრიბუნებიდან ცქერითაც... ჰო, ესეც წარმატებაა – როდესაც ქვეყანას UEFA ასეთი მატჩების ორგანიზებას ანდობს, ეს პატარა საქმე არ არის. და სწორედ აქ ამოიწურა ქართული ფეხბურთის წარმატება გასულ წელს, თუ არ ჩავთვლით 19-წლამდე ფეხბურთელთა ასპარეზობას ევროპის ჩემპიონატის ჯერ საკვალიფიკაციო ეტაპზე, შემდეგ კი ელიტრაუნდში.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონობას ზეიმობს. რიო დე ჟანეირო 2013
შეიძლება ვინმემ იკითხოს, ვთქვათ, ახალგაზრდა მოკრივეების, მოჭიდავეების, წყალბურთელების ან ძალოსნების გამარჯვებებს რატომ ვივიწყებთ. გვახსოვს ყველაფერი: მოგებაც და დოპინგსკანდალიც, კარგად ჩატარებული შეხვედრებიც და, მაგალითად, კატასტროფული გამოსვლა უნივერსიადაზე... ყველა სახეობაზე ამ სტატიაში არ შევჩერდებით, იმისთვის რომ რაც შეიძლება მეტი ვისაუბროთ მათზე, ვინც 2013 წელს მიაღწიეს იმას, რაც დაგეგმეს და მეტიც – იმაზე მეტსაც, ვიდრე ბევრს ეგონა. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ბუდაპეშტში ევროპის ჩემპიონი გახდა, რიო დე ჟანეიროში კი გუნდური ჩათვლის ფინალში რუსეთის ძლევით, მსოფლიოს ნომერ პირველის წოდებაც მოიპოვა. დიდებს არ ჩამორჩნენ ახალგაზრდებიც და 41 ქვეყანას შორის, სარაევოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავეს. ბოლოს იყო ლიუბლიანაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატი, სადაც ქართველმა ახალგაზრდებმა ბრწყინვალედ იჭიდავეს და გუნდურ ჩათვლაში, აქაც ოქროს მედლები მოიპოვეს.

მგონი კითხვა არავის გაუჩნდება, თუ რატომ ვასახელებთ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს წლის ნაკრებად. წლის ფედერაციის ნომინაცია თუ არსებობს, ალბათ ესეც ძიუდოს ფედერაციას უნდა ერგოს, სადაც დავით ქევხიშვილის მოსვლის შემდეგ წინ გადადგმული ნაბიჯები აშკარად შეიმჩნევა და წინსვლაც სახეზეა. ზოგჯერ ისეც ხდება ხოლმე, რომ რომელიმე სპორტის სახეობა წამიერი წარმატებით გამოანათებს, რომელსაც არანაირი ლოგიკური საფუძველი არ აქვს, გარდა ცალკეული სპორტსმენების ნიჭიერებისა. ძიუდოს ფედერაციისა და ნაკრების შემთხვევაში, ზუსტად საპირისპირო სურათია.

ართული ძიუდოს წარმატება ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციას შეუმჩნეველი არ დარჩენია და ნოემბერში თბილისში ჩამოსულმა მარიუს ვიზერმა, ქართულ მხარეს რამდენიმე სერიოზულ პროექტში აღუთქვა მხარდაჭერა. ამის მიუხედავად, არც ძიუდოში და არც ფედერაციაში ყველაფერი იდეალურად არ არის, რაც თავად ქევხიშვილმაც მშვენივრად იცის და პრობლემების გადაჭრას გეგმაზომიერად, პრაგმატული მიდგომით აპირებს...

როგორ დაიწყო

ჩვენ წარმატებები ჩემი სპორტსმენობის პერიოდშიც გვქონდა, უფრო ადრეც და დღესაც გვაქვს. უცხო თვალით შეიძლება ჩანდეს, რომ ყველაფერი კარგად არის, მაგრამ როგორც მაშინ, ისევე დღეს, რასაც ჰქვია სუფთა სისტემური მიდგომა, პრობლემაა. ფედერაცია დღესაც კი არ არის ცალკე ძლიერი ინსტიტუტი ბაზით, ფინანსებით. ამის მიუხედავად, განსხვავება წინა პერიოდსა და ახლანდელს შორის, არის და ჩვენ გაცილებით მეტს ვმუშაობთ, ვიდრე აქამდე კეთდებოდა. ეს არ აყენებს ჩრდილს წინა ხელმძღვანელობას, რადგან შესაძლოა მაშინ ასეთი მიდგომა იყო. ყველაფერი ცენტრალიზებული იყო და ფედერაციები, რომლებიც რაღაც ძალას წარმოადგენენ, ხშირ შემთხვევაში განხილული იყო არა სპორტული თვალსაზრისით, არამედ სხვადასხვა დროს რაღაც იარაღად. მათი მართვა ხელისუფლებისთვის იყო სახარბიელო და სასურველი, რადგან გაცილებით დიდ მასას ფლობდნენ, ავტორიტეტებს. ყველა სფერო პოლიტიზებული იყო და, მით უმეტეს, სპორტი. დღეს მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს პრობლემა მოხსნილია. არანაირი დირექტივები არ გაიცემა. მიუხედავად იმისა, რომ მე მმართველი პარტიის წევრი ვარ, მაჟორიტარიც კი გახლავართ, შემიძლია ვთქვა, რომ დღეს უფრო სპორტი იყენებს პოლიტიკას, ვიდრე პირიქით. ზოგადად, მე ფედერაციის დამოუკიდებლად არსებობის მომხრე ვარ.

ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები

თავის დროზე მეც ნაკრების წევრი ვიყავი და ევროპის ჩემპიონატიც მომიგია. არ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ მოვედით, ერთ წელიწადში რადიკალური ცვლილებები განვახორციელეთ და ამან განაპირობა ეს შედეგები. საკმაოდ კარგი შედეგები გვქონდა აქამდეც, რაც გამომდინარეობს იქიდან, რომ ქართველ კაცს, ჩვენს გენს ამ სპორტის სახეობისკენ მიდრეკილება აქვს. თუმცა, ამ ყველაფერს, როგორც მინიმუმ, შენარჩუნება სჭირდებოდა. ვფიქრობ, წლევანდელი წელი შედეგებით იყო გამორჩეული, რაც მწვრთნელების და სპორტსმენების მიმართ ფედერაციის მიდგომამ, დამოკიდებულებამ განაპირობა. ის ფაქტი, რომ თავად ვიყავი სპორტსმენი, მაძლევს საშუალებას, უკეთ გავიგო პრობლემები, შესაბამისად, მწვრთნელებთან ურთიერთობაც ადვილდება. არ მინახავს ასეთი ენთუზიაზმი, ერთსულოვნება არცერთ დროს. ჩვენ ვერ დავიკვეხნით, რომ სასწაული პროფესიონალები ვართ, ვერც ფედერაცია, ვერც მწვრთნელები. ჩვენ ერთად ვიზრდებით – სპორტსმენები, მწვრთნელები და ფედერაცია. ერთმანეთს ვუწყობთ ხელს და ეს არის მთავარი, რაც განაპირობებს ამ შედეგს.

დარწმუნებული ვარ, ნაკრების თითოეულ წევრს თავისუფლად შეუძლია მსოფლიოს ჩემპიონი გახდეს და მიაღწიოს მაღალ მწვერვალებს. ეს ყველაფერი მეტ-ნაკლებად გუნდურ პირველობაზე ბალანსდება და თუ ვიღაცას ვიღაცასთან უჭირს, მეორე აბალანსებს. შესაბამისად, მოგებული გუნდი რჩება და არა კონკრეტული პიროვნება. ვფიქრობ ამიტომაა, ქართველი ძიუდოისტები გუნდურად ასეთი ძლიერები რომ არიან.

მწვრთნელი

ირაკლი უზნაძემდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი ცირეკიძე იყო. მაშინვე ვთქვი, რომ მისი ცვლილება იმით კი არ იყო გამოწვეული, რომ მას არ შეეძლო გუნდის გაწვრთნა, არამედ რადგან იმ კონკრეტულ შემთხვევაში იყო რაღაც პრობლემები და ამიტომ ყველას რაღაც უნდა დაეთმო. ცირეკიძე ჭაბუკთა ნაკრებზე გადაერთო და საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენა. არჩევანი ვიზეც შევაჩერეთ, არის თავის საქმის უაღრესად ერთგული, პატიოსანი ადამიანი. მე ის სპორტსმენობისას გავიცანი და შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი წესიერი ადამიანი შეიძლება მეორე ვერ ვნახო. ირაკლი უზნაძის მოწესრიგებულობა ძალიან მნიშვნელოვანია და სჭირდება ნაკრებს. თითოეულ სპორტსმენზე ზრუნავს, როგორც უმცროს მეგობარზე და ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ ჩვენი არჩევანი მასზე შეჩერდა. ვფიქრობ, დროთა განმავლობაში ის უფრო მაღალი კლასის სპეციალისტად ჩამოყალიბდება.

ახალი თაობა

ჩვენც ვცდილობთ, გაცილებით მეტი ახალგაზრდა წამოვწიოთ წინ და კონკურენცია მეტი იყოს. ჩვენი ნაკრები მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდაა – საშუალო ასაკი 22-23 წელია. ზოგადად ტალანტები არასდროს გვაკლდა, მაგრამ ამ წელს გამოიკვეთა განსაკუთრებული ნაკადი. ვფიქრობ, ეს მწვრთნელების სწორმა მუშაობამ განაპირობა. ჩვენ უმცროსი ჭაბუკების ნაკრებიც გვყავს, რომლებსაც სპეციალურად 2015 წლის ოლიმპიადისთვის ვამზადებთ. ეს კონკურენცია მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ორი სპორტსმენი მობილიზებული იყოს და პატარა წარმატების შემთხვევაში არ მოდუნდეს. ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების ახალი წესებით, შვიდი წონითი კატეგორიის გარდა, ჩვენ უკვე შეგვიძლია დამატებით ორი სპორტსმენი წავიყვანოთ. ვფიქრობ, ოლიმპიადამდე შეგვეძლება ყველას მივცეთ საშუალება, თავი გამოიჩინონ, ოლიმპიური თამაშების მოახლოებისას კი, ბუნებრივია, მოგვიწევს სერიოზული მსჯელობა, თუ ვისგან დაკომპლექტდება ნაკრები.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ნაკრების პირველმა ნომრებმა წელს საქართველოს ჩემპიონატზე იჭიდავეს. თავის დროზე, როდესაც მეც ვჭიდაობდი, უფრო გასვლით შეჯიბრებზე ასპარეზობა მხიბლავდა, მერჩივნა აქ ასპარეზი სხვებისთვის დამეთმო. მთავარი მწვრთნელისგან წამოვიდა თხოვნა, ეჭიდავათ ჩემპიონატზე, რასაც სპორტსმენები ძალიან კარგად მოეკიდნენ. იგივე ჭრიკიშვილი, ლიპარტელიანი უდიდესი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ ამ თხოვნას და ამისთვის მადლობლები ვართ. მომავალში ეს სავალდებულო უნდა გახდეს.

რეგიონები

იქ ძირითადად ქაოტურად არის ყველაფერი გაშლილი, ჩვენ კი ვცდილობთ დავალაგოთ და სისტემური ხასიათი მივცეთ. რას ვგულისხმობ ქაოტურობაში? სადღაც დარბაზია, ვიღაც ავარჯიშებს და ფედერაცია შეიძლება საქმის კურსშიც არ იყოს. შემდეგ ეს ბავშვი იზრდება, თბილისში მოდის და ნელ-ნელა იხვეწება. ეს უშლის ხელს ძიუდოს მასობრიობას და ზრდის იმის შანსს, რომ ტალანტები დავკარგოთ.

დეკემბრიდან ვაპირებთ პირველი საკლუბო ჩემპიონატის ჩატარებას უმცროს ჭაბუკებში. უკვე არა რეგიონი მიიღებს მონაწილეობას, არამედ კლუბი, რომელიც ცალკე იარსებებს და ეს კიდევ უფრო დააინტერესებს მათ. ჩვენი მხრიდან გარკვეულ საპრიზო ფონდს ვაწესებთ და თუნდაც ამიტომაც იქნება მწვრთნელებისთვის საინტერესო. ასევე მნიშვნელოვანია, დაფასებულები იყვნენ მწვრთნელები. ამ კუთხით ჩვენ მივიღეთ დებულება და ავუკრძალეთ მთავარ მწვრთნელებს და თანაშემწეებს ყველა ასაკობრივ ნაკრებში, პირადი მოსწავლის ყოლა. ეს ძალიან პრინციპული ნაბიჯი იყო, რადგან არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, როდესაც რეგიონიდან წამოსულ სპორტსმენებს ახალი მწვრთნელები უჩნდებოდნენ და წარსულში ვისაც მათზე ამაგი ჰქონდა, იმ ადამიანის ღვაწლი დაუფასებელი რჩებოდა. დღეს ეს პრობლემა მოგვარებულია. ვსხდებით ფედერაციაში, ვაანალიზებთ – იქ რამდენი წელი ვარჯიშობდა, თბილისში რამდენი ხანია ვარჯიშობს, რა ღვაწლი მიუძღვის პირად მწვრთნელს და რა რაოდენობის პრემიალური უნდა მიიღოს.

დარბაზები

დარბაზების უმრავლესობა სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. ხშირ შემთხვევაში არ არის გათბობა, შხაპი, ცხელი წყალი... თუმცა არის რაიონებში ერთი ან ორი ადგილი, რომლებიც მეტ-ნაკლებლად უახლოვდებიან ჩვენთვის სასურველ კონდიციებს. ძირითადად სოფლებში არსებულ დარბაზებში გვაქვს პრობლემა და სწორედ ამიტომ სჭირდება ფედერაციას დამატებითი სახსრები, გარდა იმისა, რასაც სპორტის სამინისტროსგან ვიღებთ.
დიღომში მდებარე დარბაზში, სადაც ახლა ვიმყოფებით, წესით, ქირას უნდა ვიხდიდეთ. მე პრინციპულად განვაცხადე ამაზე უარი და არაფერს ვიხდით. თავის დროზე ძიუდო იყო მოტყუებული. ჩვენ გვქონდა საკუთარი დარბაზი ვაკეში, სადაც ხელისუფლებამ ჩადო ინვესტიცია და სანაცვლოდ იყო შემოთავაზება, რომ ამ დარბაზს გადმოგვცემდნენ. ეს რამდენად სწორი იყო, ამაზე საუბარი ახლა არ მსურს. აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ძიუდოისტებმა ვაკის დარბაზი, დიღმის სანაცვლოდ, მაინც დათმეს. ჩვენ გადმოგვცეს ეს დარბაზი, მაგრამ უნდა მოეცათ საკუთრებაში, რაც ასე არ მოხდა.

დღეს პირად საუბრებში გვეუბნებიან – ადრე რომ მოგეთხოვათ, მოგცემდითო. თავის დროზე, ფედერაციამ რატომღაც არ იაქტიურა ამ საკითხთან მიმართებით და დღემდე ეს დარბაზი კვლავ მერიის საკუთრებაშია. ჩვენ ხელშეკრულება გვედო მერიის მიერ შექმნილ აიპთან და სახელმწიფო ყოველწლიურად გვიხდიდა 78 000 ლარს, რომ აქ ვყოფილიყავით. როდესაც მოვედი, ეს ხელშეკრულება აღარ გავაგრძელე და პრინციპულად განვუცხადე, მესმის, რომ სამართლებრივად მართლები ხართ და შეგიძლიათ გაგვყაროთ, თუ ასე მოიქცევით, მიდით-მეთქი. ჩვენ მოტყუებულები ვართ და არ ვთვლი სწორად, რომ საქართველოში ნომერ პირველი სპორტი დარბაზში ქირას უნდა იხდიდეს. ამ ეტაპამდე იძულებულები არიან გაიგონ. ახლა ასეთ სიტუაციაში ვართ გაჭედილები. გვეუბნებიან, რომ 2015 წლის ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში შეჯიბრებები აქ უნდა ჩატარდეს და რეკონსტრუქციის შემდეგ გადმოგვცემენ. მოგვიწოდებენ ის ხელშეკრულება გავაგრძელოთ, თუმცა ვპასუხობთ, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში დავთანხმდებით, თუ იურიდიულად დაგვიდასტურებენ, რომ ოლიმპიადის შემდეგ, დარბაზი ჩვენს საკუთრებაში გადმოვა. ეს ჩვენთვის, ძიუდოსთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. დღესაც, რაღაც ტურნირს ატარებენ, რის გამოც ძირითად ნაკრებს უწევს მხოლოდ ორ ტატამზე ვარჯიში და ვერ ეტევიან.

ძიუდოს განვითარების ფონდი

გადავწყვიტეთ შეგვექმნა ძიუდოს განვითარების ფონდი. ეს არის წმინდა ქველმოქმედების მიზნით შექმნილი ფონდი, იმისთვის, რომ წარმატებული სპორტსმენები დავაჯილდოვოთ, ან დარბაზებს ინვენტარი გადავცეთ. ამ ეტაპზე უკვე მოვიზიდეთ გარკვეული თანხა. დავსხედით თავიდან მწვრთნელებთან ერთად, იმ ადამიანებთან, ვისაც ხელფასი დღეს საკმაოდ ნორმალური აქვს – მერყეობს 800 ლარიდან 3000 ლარამდე. არსებობს ასევე პრემიალური ანაზღაურება წლის ბოლოს და, გარდა ამისა, ბევრი კომერციული შეჯიბრი, რაც საერთაშორისო ძიუდოს ფედერაციამ შემოიღო. ამას გარდა, ვთქვით, რომ ყველა ერთად, რასაც შევძლებთ რომ მოვაგროვოთ, ავდგეთ და ამ ფონდში შევიტანოთ. წლის ბოლოს უკვე ისეთი თანხა გროვდება, რომ რაღაცის გაკეთება შეგვიძლია. ეს კარგი მაგალითია სხვა ბიზნესმენებისთვისაც და გვქონდა უკვე ასეთი შემთხვევა – რამდენჯერმე საკმაოდ სოლიდური თანხა ჩაგვირიცხეს. წლის ბოლოსთვის ჩვენ გვექნება დაახლოებით 80 ათასი ლარი. ეს უკვე ნორმალურია, ყოველ შემთხვევაში, სულ არაფერს ხომ სჯობს? სამომავლოდ გვინდა, რაღაც ინვესტიცია განვახორციელოთ, რომ ამან იმუშაოს და სისტემატური შემოსავალი მოიტანოს, რომელიც, რა თქმა უნდა, კვლავ ქართულ ძიუდოს მოხმარდება.

მარიუს ვიზერის საქართველოში ვიზიტის შესახებ

რაც ყველაზე მთავარია, 3-წლიან ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი, რომლის მიხედვითაც თბილისი ძიუდოში გრან პრის უმასპინძლებს. ტურნირი 21-23 მარტს გაიმართება. ძალიან სასიხარულოა, რომ თბილისი ასეთი მაღალი დონის შეჯიბრების მასპინძელი ქალაქი იქნება.

ამ ვიზიტს ძალიან ბევრი დადებითი მოყვება, მაგრამ რადგან რეგიონებზე ვსაუბრობდით, ვიტყვი, რომ ვიზერი გვჩუქნის 11 კომპლექტ ტატამს, ყოველთვე 11 000$-ს და თითო კომპლექტ ტატამზე 100 კიმონოს, ანუ სულ 1100 კიმონოს. ამ ყველაფერს გავანაწილებთ რეგიონებში, შესაბამისად, მათ ექნებათ ინვენტარი და ყველაზე მთავარი რაც არის, ეს თანხა განაწილდება მწვრთნელებზე. ეს გარკვეული კონკურენციის არსებობასაც შეუწყობს ხელს. თუკი 6 თვე ერთი მწვრთნელი იქნება წარმატებული, ის მიიღებს ამ ხელფასს, მაგრამ შემდეგ თუ სხვა უფრო შედეგიანი გამოჩნდება, უკვე ის დაჯილდოვდება. აი, ამ კუთხით მივდივართ, რომ მეტი ინტერესი გავაჩინოთ რეგიონებში.

მნიშვნელოვანი პროექტი და ქალთა ძიუდო

ვახორციელებთ ევროპის ძიუდოს ფედერაციის პროექტს, რომელიც განათლების სამინისტროსთან გავიარეთ, მოვემზადეთ, სემინარები ჩავატარეთ. გვინდა ძიუდო სკოლებშიც ისწავლებოდეს. ყვარლის რაიონის 10 სკოლიდან ვიწყებთ იქიდან გამომდინარე, რომ გამგებელი ვარ და ჩემთვის იქ მაქსიმალურად ადვილია კოორდინირება. ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით 70 ცალი ტატამი შევიძინეთ და თითოეულ სკოლას 10-10 ცალს გადავცემთ, რაც სავსებით საკმარისია. ეს პროგრამა განხორციელდება პირველ, მეორე და მესამე კლასებში. აქ არის საბაზისო მოძრაობები, რომელიც არა მხოლოდ ძიუდოისტებისთვის, ყველასთვის სასარგებლოა. ფაქტობრივად, ვცვლით ფიზკულტურის გაკვეთილს, იქნება სპეციალური მოძრაობები გდებების გარეშე, რაც ტრავმიანობას გამორიცხავს. დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში 10-12 სკოლა ყვარლის რაიონში ამ კუთხით ათვისებული იქნება და თუ ყველაფერი კარგად წავა, მომავალი წლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით ვგეგმავთ იმავეს გაკეთებას. პირველ ეტაპზე თუ ასე არ მოხდა, კახეთი მაინც გვინდა მთლიანად მოვიცვათ. ძიუდო UNESCO-ს მიერ არის რეკომენდებული ბავშვებისთვის ცურვასთან ერთად. ელემენტარულად, გზაზე რომ მიდიხარ, როგორ უნდა დაეცე რომ ტრავმა აიცილო, იყო მოქნილი, ბავშვები ამას მაინც ისწავლიან.

მინდა აღვნიშნო, რომ წელს უპრეცედენტო იყო ქალ ძიუდოისტთა წარმატება. მოვიპოვეთ პირველი მედალი ისტორიაში, გვყავს ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს მეორე პრიზიორი, ოლიმპიადაზე ორი მედალი გვქონდა. უფრო ამ თაობაზე ვაკეთებთ აქცენტს, თუმცა არის რამდენიმე სპორტსმენი დიდებიდანაც და ვფიქრობთ, რომ ბიჭების ნაკრებთან გავატარებთ წვრთნებს, შეჯიბრებებზე ვატარებთ. მომავალი წლიდან ისინი გაცილებით მეტ შეჯიბრში მიიღებენ მონაწილეობას. მიხარია, რომ ქალებში ძალიან კარგი თაობაა, ინტერესი ქალთა ძიუდოს მიმართ უფრო იზრდება და ეს ძალიან კარგია. ვფიქრობ, ის პროექტები, რაც სკოლებში უნდა განვახორციელოთ, ქალთა ძიუდოს მასობრიობას ხელს შეუწყობს.

ძიუდოს სპორტის სასახლე

ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე გაჟღერდა, რომ თბილისში ძიუდოს სპორტის სასახლე აშენდებოდა. ამ კუთხით საკმაოდ ბევრი ნაბიჯი გადაიდგა. ერთ ვარიანტად განიხილება, რომ ის ჩვენი უნდა იყოს, მაგრამ ასევე მეორე პროექტიც არსებობს. ისმის კითხვა, ეს იქნება მხოლოდ ძიუდოსთვის თუ იქნება საერთო სპორტის სასახლე. ჩემი დიდი სურვილია, რომ სასახლე ძიუდოსთვის იყოს განკუთვნილი, მაგრამ ეს აზრი თავიდან სპონტანურად იყო მიწოდებული და შემდეგ სხვა იდეებიც გაჩნდა, ამიტომ ვნახოთ, რა იქნება. დეტალურად ვერ ვიტყვი, რადგან საკითხზე უფრო სპორტის სამინისტრო მუშაობს, თუმცა გეტყვით, რომ როდესაც მარიუს ვიზერს მსოფლიოს ჩემპიონატზე შევხვდით, გვითხრა, რომ ყველაფერთან ერთად ძიუდოს სკოლის პროექტს მოგვცემდა. ეს ძალიან სერიოზული პროექტია, რომელიც, თუ არ ვცდები, 700 000-მდე ღირს, თავად აშენების ფასი კი 15 მილიონამდეა. ამ თემას პრემიერს გავაცნობთ და ვნახოთ, რა იქნება.

მომავალი

ორი მიმართულება, რაც მაქვს დღესდღეობით ხედვაში, არის ნაკრებებზე ზრუნვა, კლასის ამაღლება და ფედერაციის ძლიერ ორგანიზმად ჩამოყალიბება. ეს ცალ-ცალკე თემებია. ბუნებრივია, ერთმანეთთან კავშირშია, მაგრამ ცალკე სამუშაოა. დღეს ასე ვართ – გაგვიჩნდება აზრი, მივყვებით და როდესაც ვგრძნობთ, რომ კარგია, ვაკეთებთ. ვცდილობთ ყველაფერი გეგმის სახით ჩამოვწეროთ და ვფიქრობ, მომავალი წლისთვის უკვე ძიუდოს განვითარების გრძელვადიანი პროგრამა გვექნება. მოვითხოვთ პროგრამულ დაფინანსებას, იმედია, პარლამენტიც გაითვალისწინებს და საკითხი ჩვენთვის სასიკეთოდ გადაწყდება. ასე ყველაფერს უფრო სისტემური ხასიათი მიეცემა, რაც ხელს შეგვიწყობს, რომ მეტად ორგანიზებულად გავყვეთ ყველაფერს. კიდევ ერთხელ ვიტყვი – ძალიან ბევრი რამ შევცვალეთ, მაგრამ ამას უფრო სპონტანური ხასიათი აქვს. ამას დაწერა, დალაგება სჭირდება, რასაც ნელ-ნელა ვაკეთებთ და უახლოეს პერიოდში ალბათ მზად გვექნება.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

დააკავეს პირი, რომელმაც დიდ დიღომში ქალი ყელის არეში ცივი იარაღით დაჭრა

კომენტარები